იაგო ხვიჩია - სრულიად გაუგებარია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მიმართ განცხადებები, თითქოს უნდა, ომი დიდხანს გაგრძელდეს, ეს არის ცილისწამება
სრულიად გაუგებარია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მიმართ განცხადებები, თითქოს უნდა, ომი დიდხანს გაგრძელდეს, ეს არის ცილისწამება, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ჟურნალისტებმა იაგო ხვიჩიას კითხვა დაუსვეს საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილის, დავით საყვარელიძის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ „ზოგიერთი ქვეყანა, თუნდაც აშშ არ ჩქარობს, რომ ეს ომი დაამთავროს ორ კვირაში ან ერთ თვეში, ვინაიდან რაც მეტად ჩაეფლობა რუსეთი ომში, მით უფრო მეტად აწყობს აშშ-ს, რომ დაიცალოს რესურსისგან და სისხლისგან“.
როგორც იაგო ხვიჩიამ განაცხადა, „ნაცმოძრაობა“ თუ ასე ფიქრობს და ეს არის პარტიის პოზიცია, დროა, პარტია საერთოდ დაიშალოს და ხელი არ შეუშალოს ქვეყნის განვითარებას.
„სრულიად გაუგებარია ჩემთვის ასეთი შეფასება ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ და მათზე თითქოს იმის დაბრალება, რომ ისინი არიან ხალხი, რომელიც პასუხს აგებს ახლა ომის გაგრძელებაზე, მათ უნდათ, ეს დიდი ხანი გაგრძელდეს და სწორედ ამიტომ არ აკეთებენ არაფერს. ეს არის, ჩემი აზრით, ცილისწამება და თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ასე ფიქრობს და ეს არის პარტიის პოზიცია, სადაც ისინი თანხმდებიან, ჩემი აზრით, უკვე დრო მოსულა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ დაიშალოს და ხელი არ შეუშალოს ამ ქვეყნის განვითარებას, რადგან ასეთი განცხადებები მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ არის უბრალოდ სამარცხვინო ცილისწამება, რომელსაც თუ ხელს აწერს მთელი პარტია, ის არ იმსახურებს, პოლიტიკურ სპექტრში იყოს.
არ მქონია საშუალება, მათთან პირადად მესაუბრა, თუმცა საჯარო სივრცეში ჩვენ ამაზე პოზიცია დაფიქსირებული გვაქვს და მგონია, რომ „ნაცმოძრაობამ“ ძალიან გასაგებად უნდა დაგმოს ეს პოზიცია და გაემიჯნოს ამ სიტუაციას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.