იაგო ხვიჩია - შეუძლებელია, მერაბიშვილისნაირი ადამიანი ვერ ხვდებოდეს, რომ „ნაცმოძრაობას“ არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია
„ნაციონალური მოძრაობა“ არის წარსული და მათზე ამდენი დრო არ უნდა დავხარჯოთ. წასული ადამიანი რაც არ უნდა ფერუმარილით შევალამაზოთ, მას ვერ დავაბრუნებთ. ჩემი აზრით, პოლიტიკურ პარტიაზეც ასეა, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, შეუძლებელია, მერაბიშვილისნაირი ადამიანი ვერ ხვდებოდეს, რომ „ნაცმოძრაობას“ არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია და ერთადერთი მოვალეობა აქვს, იყოს საფრთხობელა „ქართული ოცნების“ ხელში, რითიც საზოგადოებას დააშინებს და ხმებს მოუზიდავს.
„პარტია „ქართული ოცნების“ მცდელობის მიუხედავად, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერავინ ვეღარ დააბრუნებს და შემდეგი არჩევნები არ იქნება ისეთი, სადაც ხალხს „ნაცების“ დაბრუნების ეშინიათ, მიუხედავად იმისა, „ნაცმოძრაობაში“ რა რეფორმატორების გუნდი მოიყვანეს და რა აქციებიც არ უნდა ჩაატარონ. ვანო მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის მეგობარია და ციხიდან მის გამოსაყვანად ყველაფერს აკეთებს, ასე მინდა, ჩავთვალო. შეუძლებელია, მერაბიშვილისნაირი ადამიანი ვერ ხვდებოდეს, რომ „ნაცმოძრაობას“ არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია და ერთადერთი მოვალეობა აქვს, იყოს საფრთხობელა „ქართული ოცნების“ ხელში, რითიც საზოგადოებას დააშინებს და ხმებს მოაბილიზებს. მართლა მგონია, რომ „ნაცმოძრაობისგან“ დარჩენილია კარიკატურა და არ მგონია, მისგან რაიმე საშიში გამოვიდეს, რა რესურსიც არ უნდა ჩაასხან მასში. არავის უარყვია, რომ მერაბიშვილი არჩევნებში მონაწილეობდა და კონკრეტული გემოვნება ჰქონდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა მარკ ფეიგინის გადაცემა „ფეიგინ ლაივში“ განაცხადა, რომ „დასავლეთის ზეწოლა უნდა წარიმართოს შიდა პროტესტების პარალელურად, რაც მეტი იქნება შიდა პროტესტი, დასავლელი მეგობრები უფრო გაბედულად იმოქმედებენ“.