იაგო ხვიჩია - შეუძლებელია, ენდო კვლევას, სადაც ნინო ლომჯარია უფრო რეიტინგულია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი
შეუძლებელია, ენდო კვლევას, თუ ოდნავ მაინც საღ აზრზე ხარ, სადაც ნინო ლომჯარია უფრო რეიტინგულია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.
„მე არ მინდა, რაიმე ტიპის პრეტენზიებით ვილაპარაკო პროცენტებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ დაგვიწერეს. ამას ამ წუთას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. მე უფრო მიკვირს ქართული მედიის დამოკიდებულება ამ კვლევებთან დაკავშირებით. მაგალითად, ჩვენ 2% გვქონდა და არავინ გაგვაშუქა და იყო პარტიები, რომლებსაც 1% ჰქონდათ და ტელევიზიებიდან არ ჩამოსულან. გამოიკითხნენ საერთოდ არარსებული პარტიების ლიდერები და ჩვენი პარტიიდან, რომელსაც 2% აქვს ამავე კვლევით, არც ერთი ადამიანის რეიტინგი არ გაიზომა. მე მაინტერესებს ასეთი რამ შემთხვევით ხდება, თუ გვებრძვიან და სპეციალურად აჩენენ რაღაცნაირ შუღლს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. საბოლოო ჯამში, მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ შეუძლებელია, ენდო კვლევას, თუ ოდნავ მაინც საღ აზრზე ხარ, სადაც ნინო ლომჯარია უფრო რეიტინგულია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი. ასე რომ შეხედო ამ კვლევას, მიხვდებით, რამხელა აბსურდამდე შეიძლება, მივიდეს ეს საქმე“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
კითხვაზე, რატომ აღარ ენდობა ხალხი პოლიტიკოსებს, იაგო ხვიჩიას თქმით, „არა მხოლოდ აწმყოშია პოლიტიკოსების ბრალეულობა, არამედ ეს პრობლემა წარსულიდან მოდის“.
„ქართველ პოლიტიკოსებს სამწუხაროდ, მათი ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა, არაფერი დაუმსახურებიათ იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ნდობა ჰქონოდათ. ამიტომ მთავარი პრობლემა ამ ქვეყანაში ის არის, რომ პოლიტიკოსებს იმ დონეზე აქვთ რეპუტაცია გაფუჭებული, რომ მათი გინება, შეურაცხყოფა და საზოგადოების მხრიდან აგდება შეიძლება, ჩვეულებრივი ამბავი იყო. მომავალშიც ასე იქნება, თუ ოდნავ უფრო კრიტიკულად არ შევხედავთ საკუთარ თავს და ამ პროფესიას. ხალხის სახელით საუბრის უფლება არავის აქვს, ყველას თავისი ამომრჩევლების სახელით საუბრის უფლება აქვს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გუშინ გამოაქვეყნა.
კითხვაზე, „ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას“, გამოკითხულთა 25 პროცენტი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 12 პროცენტი კი „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა მხარს, პარტიას „საქართველოსთვის – გიორგი გახარია“ ხმას მისცემდა სამი პროცენტი, „გირჩი – მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – სამი პროცენტი, „სტრატეგია აღმაშენებელი – გიორგი ვაშაძე“ – ორი პროცენტი, „დროა – ელენე ხოშტარია“ – ორი პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია- შალვა ნათელაშვილი“ – ორი პროცენტი, პარტია „ხალხისთვის – ანა დოლიძე“ – ორი პროცენტი, „გირჩი“ – ორი პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“ – ორი პროცენტი, „ლელო“ – ერთი პროცენტი, „მოქალაქეები“ – ერთი პროცენტი.
კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი – 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74%.