იაგო ხვიჩია - შეიძლება, ქუთაისში 0,4 პროცენტიც არ გვქონდეს, მაგრამ ვფიქრობ, არავის არანაირი გამოკითხვა არ ჩაუტარებია, ციფრები ისე ჩაწერეს
შეიძლება, ქუთაისში 0,4 პროცენტიც არ გვქონდეს, მაგრამ ვფიქრობ, არავის არანაირი გამოკითხვა არ ჩაუტარებია, ციფრები ისე ჩაწერეს, რაც გაუხარდებოდათ, როგორც ხდება ხოლმე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განუცხადა, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ ქუთაისში ჩატარებული კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ამ კვლევის შედეგად თქვა, რომ ქვეყანაში მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა არსებობს – ისინი და „ნაციონალური მოძრაობა“.
„ამის სათქმელად არის შექმნილი ეს რეიტინგები. შესაბამისად, ამ რეიტინგების „გაპიარება“ ამ მიზანს ასრულებს, მაგრამ ამას აპიარებს როგორც პროსახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური არხები. ეს არის ორივე ძალის ერთობლივი შემოქმედება. ისინი ვითომ ერთმანეთს ებრძვიან, მაგრამ სინამდვილეში, მათი მოქმედებები და რეიტინგი მიმართულია იმისკენ, რომ სხვა არავინ არ არის, მხოლოდ ორნი არიან. „ნაციონალურ მოძრაობას“ იმედი აქვს, რომ მომავალში, როცა ასაკში შევალთ, ხალხს „ქოცები“ მობეზრდება და ისევ მოვლენ, „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ სანამ ცოცხალი არიან, ნაციონალებს არ მოუშვებენ – ასეთ ჯადოსნურ წრეში ვართ მოქცეული. გამოკითხვა რომ ნახოთ, ორივე პარტიის ამომრჩეველსაც კი ერთი და იმავე უნდათ, ეს არის ერთი ძალის ორი სხვადასხვა პრიზმა. სანამ ასე ვიქნებით, რაიმეს შეცვლა არ მოხდება“, – განაცხადა ხვიჩიამ.
„ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისში ჩატარებული კვლევის შედეგები დღეს გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ „გირჩს“ ქუთაისში 0,4 პროცენტი აქვს.
დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისში პარტიული რეიტინგისა და მერობის კანდიდატების შესახებ სოციოლოგიური კვლევების შედეგები გამოაქვეყნა.