იაგო ხვიჩია - შალვა ნათელაშვილს კორონა აქვს და ამ დროს პარლამენტიდან ადამიანის გაგდება სძაგს უფალს
იაგო ხვიჩია - შალვა ნათელაშვილს კორონა აქვს და ამ დროს პარლამენტიდან ადამიანის გაგდება სძაგს უფალს

ოპოზიციონერ დეპუტატ, „გირჩის“ წევრ იაგო ხვიჩიას მიაჩნია, რომ პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება არ უნდა შეუწყვიტოს.

„იმის მიუხედავად, მომწონს და მოგვწონს თუ არა ჩვენი კოლეგები, ეს ადამიანები პარლამენტში ჩვენ არ აგვირჩევია, ისინი აქ ქართველმა ხალხმა შემოიყვანა და ახლა ხალხი ვალდებულიც კი არის, სამი წლის განმავლობაში მათ უყურონ. შალვა ნათელაშვილს კორონა აქვს და კორონას დროს პარლამენტიდან ადამიანის გაგდება სძაგს უფალს. ელენე ხოშტარიას პარლამენტში მუშაობის გაგრძელება თავად არ უნდა. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, „ქართული ოცნების“ თავში რა ხდება, ღმერთმა იცის, მაგრამ მგონი, ბადრი ჯაფარიძის საკითხი ასე მძაფრად ახლა არ დგას“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.

„ქართული ოცნება“ უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე სამი დეპუტატის, ელენე ხოშტარიას, ბადრი ჯაფარიძისა და შალვა ნათელაშვილისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს. ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე კი საკითხი კენჭისყრაზე დადგება.