იაგო ხვიჩია - საზოგადოებამ თუ დაინახა, რომ არჩევნების შედეგები არ ასახავს რეალურ მდგომარეობას, ჩემი თქმის გარეშეც გამოვა გასაპროტესტებლად, ჩვენ, პოლიტიკოსები ხელოვნურად ამას ვერ შევცვლით
მთავარი ბრძოლა არის არა არჩევნების შემდეგ, არამედ არჩევნებამდე და ეს განაპირობებს საბოლოოდ ადამიანების განწყობას არჩევნების შემდეგაც, – ამის შეახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებამ თუ დაინახა, რომ არჩევნების შედეგები არ ასახავს რეალურ მდგომარეობას, პოლიტიკოსების გარეშეც გამოვა გასაპროტესტებლად.
„რა მოხდება არც ნადიმ ხმალაძემ და არც იაგო ხვიჩიამ ახლა არ შეიძლება, იცოდნენ. არც ვიცი ვინ არის ნადიმ ხმალაძე და კომენტირებაც არასერიოზული იქნება. რაც შეეხება ბრძოლისთვის მომზადებას, მე მგონი, ჩვენ ახლა უნდა ვემზადებოდეთ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის. რაც თავისთავად ცხადია, პოლიტიკური ბრძოლის ნაწილია და ვფიქრობ, არ იქნება სწორი ნათქვამი, არჩევნების შემდეგ მზად ხართ? სწორია – არჩევნებამდე ვინ ხართ მზად ბრძოლისთვის, რომ არჩევნებმა ჩაიაროს ოპოზიციის გამარჯვებით. წინასწარ მკითხაობას აზრი არ აქვს, რა მოხდება მას შემდეგ, ვინ რას ცნობს, არ ცნობის შემთხვევაში რა მოხდება, როგორ გაგრძელდება მოვლენები. ეს დამოკიდებულია იმ კონტექსტზე და ვითარებაზე, რითაც ჩვენ მივალთ არჩევნების დღემდე და არჩევნების დღის შემდეგ. საზოგადოებამ თუ დაინახა, რომ არჩევნების შედეგები არ ასახავს რეალურ მდგომარეობას ქვეყანაში, საზოგადოება ჩემი თქმის გარეშეც გამოვა ამის გასაპროტესტებლად. საზოგადოებამ თუ ჩათვალა, რომ არჩევნები ასახავს პოლიტიკურ რეალობას, ამ შემთხვევაში, პირიქით, პოლიტიკური მუხტი დაიკლებს. მგონი, ჩვენ, პოლიტიკოსები ხელოვნურად ვერც ერთ ნაწილს და ვერც მეორე ნაწილს ვერ შევცვლით“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისთვის, უკრაინაში მებრძოლმა, ნადიმ ხმალაძემ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა: „დარწმუნებული ვარ 26 ოქტომბერს ჩვენს გამარჯვებაში, „ქოცმა“ თუ გააყალბა, რასაც ვფიქრობ, გააკეთებს, ვინ ხართ მზად ბრძოლისთვის“.