იაგო ხვიჩია - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ ქართველ ხალხს მარიხუანას მოხმარების უფლება აქვს, მთავრობის კანონპროექტები კი სრულიად სხვას ამბობს
იაგო ხვიჩია - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ ქართველ ხალხს მარიხუანას მოხმარების უფლება აქვს, მთავრობის კანონპროექტები კი სრულიად სხვას ამბობს

მთავრობამ წარმოდგენილი კანონპროექტით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აქცია ადამიანის უფლებად, რომ ჩაკეტილ სივრცეში, საკუთარ სახლში, ბავშვებისგან 150 მეტრის მოშორებით მოწიოს რაღაც, რომლის შოვნაც არ შეიძლება, რადგან შოვნის ყველა ფორმა არალეგალურია, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„მე ეს თავიდანვე არ მომწონდა და იმედი მქონდა, რომ ამას არ იკადრებდნენ და რაღაც სხვას შემოგვთავაზებდნენ. მერე საპატრიარქო გამოვარდა, გვრყვნიანო. არ ვიცი, იმათ რა მოეჩვენათ, ან ამ კანონპროექტს იმათი დასაწუნი რა სჭირდა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისი თქმით, „გირჩმა“ საკონსტიტუციო სასამართლო მოიგო, რომლის გადაწყვეტილებაში წერია, რომ ქართველ ხალხს უფლება აქვს, მარიხუანა მოიხმაროს, რადგან ეს მათი თავისუფალი განვითარების ერთ-ერთი კონსტიტუციური უფლებაა, მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტები კი, სრულიად სხვას ამბობს.

„ამ რეალობაში შემოდის კანონპროექტი, სადაც წერია, რომ სამედიცინო მარიხუანას ექსპორტ-იმპორტი მოსულა, რომლის მსგავსიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავის გადაწყვეტილებაში არაფერი ჩაუწერია და მეორე მხრივ, შემოდის ტირანული კანონები ადმინისტრაციული სამართლადარღვევის და ზოგჯერ, სისხლის სამართლის წესით, ასევე უზარმაზარი პროფესიული, თუ სხვა სახის შეზღუდვები“, – განაცხადა ხვიჩიამ.

როგორც „გირჩის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, გვაქვს რეალობა, როცა ოპოზიცია ხელისუფლებას ეჩხუბება და ხელისუფლება ოპოზიციას, მაგრამ გაუგებარია, ეს ხალხი რაზე ჩხუბობს, რადგან საბოლოო ჯამში, მთავრობასაც იგივე უნდოდა, რაც ოპოზიციას და ერთადერთი, ვინც ობიექტურად ზარალდება, „გირჩია“.

„გირჩის” გარდა, ხელისუფლება, საპატრიარქო და ოპოზიცია ერთ პოზიციაზეა და მარიხუანას ებრძვიან. ამას ზოგი ხელმოწერების შეგროვებით ებრძვის, რადგან ფიქრობენ, რომ ამომრჩეველი სულელია და ამით მოისყიდიან“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, სამართლებრივად, როდესაც რაღაც ნივთიერების მოხმარება ლეგალურია, ამ ნივთიერებასთან ბრძოლა აბსურდია.

„საკონსტიტუციო სასამართლომ გვითხრა, რომ მარიხუანას მოწევის უფლება გვქონდა, ეს უფლება კი, პირდაპირი გაგებით იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მარიხუანას ლეგალურად მოპოვების, პირადი მოხმარებისთვის მისი კულტივაციის უფლება უნდა ჰქონდეს. საკონსტიტუციო სასამართლომ ეს მოგვცა და ქართველ ხალხს ამაზე ნებართვა არავისგან არ სჭირდება”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.