იაგო ხვიჩია - სახალხო დამცველი შესაშური არასერიოზულობით გამოირჩევა, დავუშვათ, 10 წელი პანდემიაში ვართ, არჩევნები არ ჩავატაროთ?
სახალხო დამცველი შესაშური არასერიოზულობით გამოირჩევა, არჩევნების გადადებაზე განცხადება ამის კიდევ ერთი გაგრძელებაა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, პანდემიასთან დაკავშირებულმა პრობლემამ დემოკრატიულ პროცესს ხელი არ უნდა შეუშალოს.
„სამწუხაროდ, სახალხო დამცველი შესაშური არასერიოზულობით გამოირჩევა და არჩევნების გადადებაზე მისი განცხადება ამის კიდევ ერთი გაგრძელებაა. ეს პრობლემა სულ იარსებებს, სულ იქნება ეპიდემია და დაავადებები. ამას დემოკრატიული პროცესისთვის ხელი არც აქამდე უნდა შეეშალა და არც მომავალში უნდა შეუშალოს. თუ სწორად მახსოვს, ნინო ლომჯარია ამ თანამდებობაზე ხელისუფლების დანიშნულია და მათ აქვთ პასუხისმგებლობა. ვფიქრობ, რომ მათ თავის დროზე საკმაოდ კომფორტული სახალხო დამცველი დანიშნეს და ახლა ოპოზიციას გადმოუგდო თავის მოედანზე, არ იქნება სწორი მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი კოლეგების ნაწილს ერთი სული აქვს, სახალხო დამცველი მათ გუნდში აღმოჩნდეს. მირჩევნია, თავისი მიდგომებით იმ გუნდში იყოს, რომელმაც აირჩია.
მე რომ სახალხო დამცველი ვიყო, ჯერ გამოვიკვლევდი უდიდეს კორონა აფიორას, რომელიც საქართველოში მოაწყვეს ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და ექიმების ნაწილმა. გამოვიკვლევდი, რამდენი ადამიანია გარდაცვლილი მართლა კორონათი და სხვა დაავადებებით. ასევე, რა გავლენა მოახდინა არჩევნებმა კორონა შემთხვევების მატებაზე ან კლებაზე და დასკვნას ამის მიხედვით გავაკეთებდი. რაც შეეხება იმას, რომ პოლიტიკოსები ზრდიან ინფიცირების რისკს, როგორც წინა შემთხვევაში, არც ახლა ვგრძნობ თავს დამნაშავედ, რადგან კარდაკარის ნაცვლად, ჩვენ ზუმ-ზუმ კამპანია გვაქვს. მოსახლეობას მოვუწოდებთ, კარდაკარზე მისულ პოლიტიკოსებს კარი არ გაუღონ, რადგან კორონას მთავარი გადამდები არიან. როგორც კი დაინახავენ მათ, კარი გაიხურონ და გააგდონ. დავუშვათ, 10 წელი პანდემიაში ვართ და ათი წელი „ქოცებს“ ვუყუროთ, არჩევნები არ ჩავატაროთ? წარმოდგენა არ მაქვს, ვის რა აწყობს. არჩევნების გადადება ვის შეიძლება აწყობდეს, კაციშვილმა არ იცის. შეიძლება, ახლა ის დროა, როცა ხელისუფლებას არ აწყობს არჩევნების ჩატარება და იქნებ, ნინო ლომჯარია ხელისუფლებისთვის მისაღებ ვარიანტს ატარებს“, – განაცხადა იაგო ხვჩიამ.
საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, მაშინ, როდესაც ქვეყანას დღის განმავლობაში კორონავირუსისგან 60-70 გარდაცვლილი ჰყავს, უფრო მკაცრი რეგულაციები უნდა იყოს შემოღებული.
ამასთან, ლომჯარია მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები უნდა მსჯელობდნენ, ასეთ ვითარებაში შეიძლება თუ არა არჩევნების ჩატარება.