იაგო ხვიჩია - საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შეიარეთ და კარლ ჰარცელს თქვენც არ დაეთანხმებით
იაგო ხვიჩია - საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შეიარეთ და კარლ ჰარცელს თქვენც არ დაეთანხმებით

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებულ საგამოძიებო კომისიას არავითარი პერსპექტივა არ აქვს და მისი საქმიანობა საბოლოო ჯამში ფორმალობა იქნება.

„ხელი მოვაწერეთ შარლ მიშელის დოკუმენტს, რომელიც თავისი შინაარსით კომისიის არსებობას ეწინააღმდეგება, რადგან მივიღეთ გადაწყვეტილება 31 ოქტომბრის არჩევნებზე და „ქართული ოცნებისთვის“ 43-პროცენტიანი ბარიერი სწორედ ამიტომ არსებობს. უნდა ვიაროთ ამ და არა საგამოძიებო კომისიის გზით, რომელსაც ყველამ ვიცით, არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია, საბოლოო ჯამში იქნება ფორმალობა, რომელიც რაღაც დოკუმენტს დადებს და მიიხურება.

მე და კარლ ჰარცელი განსხვავებული ადამიანები ვართ, სავალდებულო ხომ არ არის, ერთმანეთს ვეთანხმებოდეთ? კომისიის ერთ-ერთ სხდომაზე შეიარეთ, დააკვირდით და კარლ ჰარცელს თქვენც არ დაეთანხმებით. პრობლემა შინაარსთან გვაქვს, შემადგენლობას არ ვერჩით, მშვენიერი ადამიანები არიან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას გიორგი ვაშაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „დააინიცირებენ საგამოძიებო კომისიის შექმნას როგორც 2020, ისე 2018 წლის არჩევნებთან დაკავშირებით“, – იაგო ხვიჩია პასუხობს: „ჩემი აზრით, თავიდან უნდა დავიწყოთ და კომუნისტებმა რომ ჩაატარეს, ის არჩევნებიც უნდა გამოვიძიოთ“.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია არ არის ფორმალური და საჭიროა ოპოზიციის მონაწილეობაც.