საგამოძიებო კომისიისთვის მხარდაჭერის სანაცვლოდ, იაგო ხვიჩია „ნაციონალურ მოძრაობას“ ორ პირობას უყენებს
საგამოძიებო კომისიისთვის მხარდაჭერის სანაცვლოდ, იაგო ხვიჩია „ნაციონალურ მოძრაობას“ ორ პირობას უყენებს

„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის მუშაობაში „გირჩი“ მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა „ნაციონალურ მოძრაობას“ კომისიის შექმნაში ხელს არ შეუშლის.

როგორც ხვიჩია აცხადებს, „გირჩს“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ორი პირობა აქვს.

„ჩვენ არ გვაინტერესებს ამ თემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია. არ მიგვაჩნია, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია პარლამენტში, რის გამოც საგამოძიებო კომისია უნდა შექმნილიყო, მაგრამ გვესმის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი კოლეგა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შემოვიდნენ პარლამენტში, დაიწყონ მუშაობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მივიღებთ, მაგრამ მის შექმნაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ხელს არ შევუშლით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საჯაროდ დადებენ პირობას და იტყვიან, რომ როცა საგამოძიებო კომისიის შექმნა ჩვენ, „გირჩს“ დაგვჭირდება, მხარს დაგვიჭერენ. მეორე – მათი ტელეარხებით შეწყვეტენ იმის ტირაჟირებას, რომ „ქოცების“ მეგობრები და მათთან შეკრულნი ვართ. ეს არის ჩვენი ორი პირობა, იმისთვის რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ საქმეში მხარი დავუჭიროთ. თუმცა, კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ჩვენ ეს კომისია არ გვაინტერესებს, მაგრამ გვაინტერესებს ჩვენს კოლეგებთან ნორმალური ურთიერთობა“, – განაცხადა ხვიჩიამ.