იაგო ხვიჩია - საჭიროა, ნიკა ობოლაძეს თანაგუნდელები უფრო სწრაფი ტემპით აჰყვნენ და გავერკვიოთ, როგორი კონსტრუქციით ხვდება ოპოზიციური სპექტრი არჩევნებს
„ნაცებს“ ვუსურვებდი, დაშლისკენ უფრო სწრაფი ტემპით გადაედგათ ნაბიჯები, საჭიროა, ნიკა ობოლაძეს თანაგუნდელები უფრო სწრაფი ტემპით აჰყვნენ და გავერკვიოთ, როგორი კონსტრუქციით ხვდება ოპოზიციური სპექტრი არჩევნებს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილია, უბრალოდ ამის აღიარება ჭირს.
„ნიკა ობოლაძის მიერ გადადგმული ნაბიჯი ერთ-ერთი მცირე ნაბიჯია. „ნაცებს“ ვუსურვებდი, დაშლისკენ უფრო სწრაფი ტემპით გადაედგათ ნაბიჯები. ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილია, უბრალოდ ამის აღიარება ჭირს. ახლა აღიარების პროცესი მიმდინარეობს და შეიძლება, ეს პროცესი ნიკა ობოლაძემ დაიწყო, მაგრამ მარტო ის ვერ უშველის ამ პროცესს. საჭიროა, უფრო სწრაფი ტემპით აჰყვნენ თანაგუნდელები და უფრო სწრაფად გავერკვიოთ, როგორი კონსტრუქციით ხვდება ოპოზიციური სპექტრი არჩევნებს. 2024 წელს კატასტროფა იქნება ქვეყნისთვის, თუ ოპოზიცია ისე იქნება, როგორც ახლა გამოიყურება, ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურებით. ეს საჩუქარი იქნება ხელისუფლებისთვის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ნიკა ობოლაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. როგორც ობოლაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არის ის ენერგია და სურვილი, რომ ქვეყანაში რაიმე ცვლილებები გამოიწვიოს.