იაგო ხვიჩია - სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, მართლმსაჯულების სისტემაში ჯანდაცვის არგუმენტით სასჯელის მოხდის გადავადება ყოველთვის პრობლემურია
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მიხელ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო.
მისი განმარტებით, ზოგადად, ჯანდაცვის არგუმენტით სასჯელის მოხდის გადავადება ყოველთვის პრობლემურია.
„ჩემი აზრით, მოსალოდნელი გადაწყვეტილება იყო. ამ გადაწყვეტილებიდან არაფერს განსაკუთრებულს არ მოველოდით. ჯერ ამ საქმის არსებითად განხილვა არ დასრულებულა და ჯანდაცვის არგუმენტით სასჯელის მოხდის გადავადება, ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემაში ყოველთვის პრობლემურია“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი 11 აპრილს გადააგზავნეს. ადვოკატები მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას და უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვდნენ.