იაგო ხვიჩია - როგორც კი ქვეყანაში რაღაც მოხდება, მაშინვე აქციების დაორგანიზება ქართველ პოლიტიკოსთა საყვარელი გასართობია, მაგრამ ამას შედეგი არ მოაქვს
პოლიტიკოსების მიერ გაუაზრებლად და მოუფიქრებლად დაგეგმილი აქციები, სინამდვილეში, ხალხს აფრთხობს, ნიჰილიზმს უჩენს და მერე ეს ხალხი სხვა აქციებზე არ გამოდის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.
ხვიჩიას კითხვა დაუსვეს „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, რაზეც ხვიჩიამ აღნიშნა, რომ აქციების დაორგანიზება ქართველ პოლიტიკოსთა საყვარელი გასართობია, რასაც შედეგი არ მოაქვს, რადგან მოთხოვნები არ არის ხოლმე ფორმულირებული.
„როგორც კი ქვეყანაში რაღაც მოხდება, მაშინვე აქციების დაორგანიზება ქართველ პოლიტიკოსთა საყვარელი გასართობია, მაგრამ ამას შედეგი არ მოქვს. არა იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ აქციას არ იმსახურებს, არამედ იმის გამო, რომ არ იცი, ეს ხალხი აქციაზე რის გამო მიგყავს. ეს მოთხოვნა ფორმირებული არ გაქვს, არ იცი, რა გინდა და ახლა ამბობ, რომ ნათია თურნავა იქნება ცუდი ან ვიღაც და ეროვნული ბანკი დირექტორი უნდა შეიცვალოს. ასეთ მოთხოვნებზე ხალხი არ გამოდის. თუ მართლა გვინდა, რომ ამ ქვეყანაში აქციებით რამე შეიცვალოს, ოპოზიცია უნდა დაჯდეს და მოიფიქროს, როგორი ქვეყნის აშენება უნდა „ქართული ოცნების“ შემდეგ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მისი თქმით, „ლელოს“, თავისი ფინანსური რესურსებიდან გამომდინარე, შეუძლია, იყოს კარგი მასპინძელი პოლიტიკური პარტიებისთვის.
„ამის მიუხედავად, ის ცუდად იქევა და ეპატიჟება ალაგ-ალაგ ხალხს, რომელსაც, როგორც წესი, ფულით ისყიდის, მაგრამ მერე ამას არანაირი იდეა და შედეგი არ მოჰყვება. მის მიერ დაორგანიზებული აქციებიც ასეთი მგონია. სამწუხაროდ, პოლიტიკოსების მიერ გაუაზრებლად და მოუფიქრებლად დაგეგმილი ასეთი აქციები, სინამდვილეში, ხალხს აფრთხობს, ნიჰილიზმს უჩენს და მერე ეს ხალხი სხვა აქციებზე არ გამოდის. ამიტომ ჯერ არის საჭირო იდეა, რომლის დასაცავადაც ხალხს ქუჩაში ეძახი“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.