იაგო ხვიჩია - როგორ შეიძლებოდა, პრეზიდენტს „ლელო“-გახარიების შეხვედრების შუაში 15 წუთი ვერ ეპოვა კანონზე ხელის მოსაწერად, მას ხელი მაშინვე უნდა მოეწერა, მაგრამ მაჭანკლობით იყო დაკავებული
პრეზიდენტთან კითხვა მაქვს, რას აკეთებდა ამდენი ხანი? როგორ შეიძლებოდა, „ლელო“-გახარიების შეხვედრების შუაში 15 წუთი ვერ ეპოვა, რომ კანონზე ხელი მოეწერა, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც ხვიჩამ აღნიშნა, პრეზიდენტს კანონზე ხელი პარლამენტიდან გადაგზავნისთანავე უნდა მოეწერა. მისივე შეფასებით, ზურაბიშვილი ამნისტიას არ ეთანხმება და კანონს ხელი ფაქტობრივად, ძალით მოაწერა.
„პრეზიდენტთან კითხვა მაქვს, რას აკეთებდა ამდენი ხანი? როგორ შეიძლებოდა, „ლელო“-გახარიების შეხვედრების შუაში 15 წუთი ვერ ეპოვა, რომ კანონზე ხელი მოეწერა და რამდენიმე დღე ხალხი ტყუილად არ დაეტოვებინა ციხეში? ეს რატომ იყო საჭირო, ამას ვერ მივხვდი. პრეზიდენტს კანონზე ხელი მაშინვე უნდა მოეწერა, როგორც კი პარლამენტიდან გაიგზავნა, მაგრამ როგორც იცით, პრეზიდენტი დაკავებული იყო მაჭანკლობით, რაც ცუდად დასრულდა. მან პატიმრების რამდენიმე დღე შეიწირა. თორემ პრეზიდენტი დიდად გადაღლილი არ ჩანდა ისე, რომ ათი წუთი კანონზე ხელის მოსაწერად არ დაეთმო, რომელსაც უამრავი ადამიანი ელოდებოდა. კარგია, რომ თავის ხუშტურებს ბოლომდე არ მიჰყვა და ეს საკითხი არჩევნების იქით არ გადაწია. ის ამნისტიას არ ეთანხმება და კანონს ხელი ფაქტობრივად ძალით მოაწერა“, – განაცხადა ხვიჩიამ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ სალომე ზურაბიშვილმა „ამნისტიის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზურაბიშვილი არჩევნების წინ ამნისტიას ამომრჩევლის მოსყიდვად მიიჩნევს.