იაგო ხვიჩია - როდესაც ხელისუფლებამ შემოგვთავაზა უკეთესი სისტემა, სისულელეა საუბარი, რომ უკეთესი არ გვინდა
იაგო ხვიჩია - როდესაც ხელისუფლებამ შემოგვთავაზა უკეთესი სისტემა, სისულელეა საუბარი, რომ უკეთესი არ გვინდა

მოდით, დავუფასოთ მთავარი მოთხოვნის დაკმაყოფილება მთავრობას და გავაგრძელოთ სხვა მოთხოვნებისთვის ბრძოლა, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ქართული ოცნების“ ინიციატივის შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

იაგო ხვიჩიას თქმით, ყველაზე სამართლიანი სისტემა არის პროპორციული, ნულოვანი ბარიერით.

„ყველაზე სამართლიანი სისტემა არის პროპორციული, ნულოვანი ბარიერი. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ან ერთ პროცენტიანი უნდა იყოს, ან 7-პროცენტიანი, ვერ ახსნის, რატომ. მსგავსი პროცენტების დაწესება არ არის სამართლიანი და ადამიანები იმის მიხედვით ასახელებენ პროცენტებს, რაც მათ ხელს აძლევთ. როდესაც ნულოვანია ბარიერი, მაშინ არის სამართლიანი, იმდენი ადამიანი შედის პარლამენტში, რამდენი ხმაც მიიღო. შესაბამისად, ეს არის ყველაზე უკეთესი ვერსია პროპორციული სისტემის.

როდესაც ხელისუფლებამ შემოგვთავაზა უკეთესი სისტემა, სისულელეა ოპოზიციის მხრიდან საუბარი, რომ უკეთესი არ გვინდა. მოდი, ცოტა გავაუარესოთ ეს, იმიტომ რომ რომელიღაც პოლიტიკურ ლიდერებს ასე აწყობთ. ამიტომ, მოდით დავუფასოთ მთავარი მოთხოვნის დაკმაყოფილება მთავრობას და გავაგრძელოთ სხვა მოთხოვნებისთვის ბრძოლა.

უბარიერო სისტემის შემთხვევაში ბლოკები ნაკლებად აქტუალურია, თუმცა მიზანი რაც ქონდა თავის დროზე კობახიძეს ბლოკების აკრძალვის, ამ შემთხვევაში საერთოდ არაფერ შუაში არ არის. ამიტომ უაზრობაა ბლოკების აკრძალვის დატოვება კონსტიტუციაში და ესეც უნდა მოიხსნას, რადგან უფრო ჯანსაღი იყოს პოლიტიკური პროცესი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.