იაგო ხვიჩია - რეზოლუციის ამბავს გამოვეთიშეთ, ისე დავაფიქსირებთ ჩვენს მხარდამჭერ პოზიციას უკრაინასთან დაკავშირებით
იაგო ხვიჩია - რეზოლუციის ამბავს გამოვეთიშეთ, ისე დავაფიქსირებთ ჩვენს მხარდამჭერ პოზიციას უკრაინასთან დაკავშირებით

„ქართულმა ოცნებამ“ გუშინ იმდენად კონცერტის ნაწილად აქცია თვითონ ამ დეკლარაციის შეტანა და მასზე ხელის მოწერის პროცესი, ბევრი ადამიანისთვის ინტერესიც დაკარგა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე ერთობლივად ხელმოწერის საკითხი შეთანხმებული იყო, რის შემდეგაც მმართველმა გუნდმა ტექსტი შეცვალა.

„ფაქტობრივად, ყველაფერზე შეთანხმებულები ვიყავით, ვიცოდით, რომ საღამოს მედიის თანდასწრებით შეთანხმების ტექსტზე ხელი უნდა მოგვეწერა და ამ დროს ტექსტიდან ამოიღო კონკრეტული სიტყვები. ეს ტექსტი თავისი შინაარსით მაინც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგაა მიმართული. ამ ტექსტში ეს ორი სიტყვა იქნებოდა თუ არა, ამას პრინციპული მნიშვნელობა არც ერთი მიმართულებით არ ჰქონდა, მაგრამ ეს აჩვენებდა „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებას ზოგადად ოპოზიციასთან თანამშრომლობის, თუ ამ ტექსტის მიმართ დამოკიდებულების თვალსაზრისით. მივხვდით, რომ ეს ამბავი არ გვაინტერესებდა და ამ ამბავს გამოვეთიშეთ. ისე დავაფიქსირებთ ჩვენს მხარდამჭერ პოზიციას უკრაინასთან დაკავშირებით, რაც აქამდეც არაერთხელ დაგვიფიქსირებია და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.