იაგო ხვიჩია - რეგისტრაციის გაუქმებაზე საუბარი არის პილიტიკურ პარტიებზე მუქარა, კობახიძის გამოსწორება შესაძლებელი არ არის
კობახიძეს მუქარა ახლა არ დაუწყია, კობახიძე ამას იმუქრება კარგა ხანია და ვიცით, ახლა რომ კობახიძის არც გამოსწორება არ არის შესაძლებელი და მუქარას ასევე გააგრძელებს, დავგმო, დავგმობ, დავწყევლო? არ ვიწყევლები ზოგადად, მომეწონა? არ მომეწონა ეს ამბავი, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც ხვიჩია აღნიშნავს, ასეთი ვითარების დროს რეგისტრაციის გაუქმებაზე საუბარი არის მუქარა პილიტიკურ პარტიებზე. ამასთან, ხვიჩია ამბობს, რომ მუქარა მას არ ეხება, რადგან ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე უარი აქვთ ნათქვამი.
„უნდა ვიპოვოთ სხვა გზები, მაგალითად, რომ შეასრულოს კობახიძემ მუქარა და პარტიული დაფინანსებები ჩაუხსნას ყველა პარტიას, ჩვენ მოგეხსენებათ, არ ვიღებთ ბიუჯეტიდან დაფინანსებას, უარი გვაქვს ნათქვამი და ჩვენ ეს არ გვეხება. მინდა, რომ სხვა პოლიტიკური პარტიებიც ჩემს მდგომარეობაში იყოს, ფეხებზე ეკიდოს, როგორ ემუქრება კობახიძე და რადგანაც ეს განცდა არ არის ჯერ სხვა პოლიტიკურ პარტიებში და მათთვის მნიშვნელოვანია, რომ კობახიძე ემუქრებათ, მე სოლიდარობას ვუცხადებ ჩემს კოლეგებს ყველგან, სადაც მეტყვიან.
ვამბობ, რომ ეს მუქარა არის და მათ შორის მუქარის რაღაც ნაწილი შეიძლება სწორიც კი ყოფილიყო მშვიდობიანობის დროს, მაგრამ ასეთ დროს ამის თქმა იმასთან ერთად, რომ გააუქმებ ვიღაცის რეგისტრაციას, არის მუქარა პილიტიკურ პარტიებზე. მე ასე ვუყურებ, რომ ეს შანტაჟი მე არ მეხება, იმიტომ რომ ნათქვამი მაქვს წინასწარ უარი საბიუჯეტო დაფინასებაზეც. ამას მოვუწოდებდი კოლეგებს, რომ მსგავსი ტიპის თავდაჯერება ჰქონოდეთ როგორც ახლა „გირჩს“ აქვს. ცენზთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ნაწილი არის აფსურდი, კაცი არ არის საქართველოს მოქალაქე და თავის აზრებს გამოთქვამს კიევიდან, რომელიღაც პარტიას უჭერს მხარს და ამის გამო პარტია მოხსნა, აფსურდი მგონია. შეიძლება ასეთი სიტუაცია პარტიისთვის პრობლემა იყოს, მაგრამ დევნა და რეპრესიები დაიწყო მის წინააღმდეგ, არის უშინაარსო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
რაც შეეხება „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებული პარალელური დათვლის დაზუსტებულ შედეგებს, ამასთან დაკავშირებით ხვიჩიამ განაცხადა, რომ თუ ორგანიზაციამ შეცდომები დაუშვა, მაშინ კობახიძის კრიტიკა სამართლიანია.
„შეცდომა დაუშვა ვიღაცამ, ამ შეცდომამ გამოიწვია ცუდი რაღაცები ქვეყანაში, მაგრამ ბოდიშების ხმა არ მესმის ისე ხმამაღლა, როგორც უნდა იყოს. შესაბამისად, თუ ეს ასე არის და კობახიძე ამის გამო ამ ორგანიზაციას აკრიტიკებს, არის მართალი. ხშირად კობახიძეც გამოდის ხოლმე მართალი, გაჩერებული საათიც აჩვენებს ორჯერ სწორ დროს. როდესაც ასეთი შეცდომა დაუშვი, კობახიძეს აქვს მორალური უფლება, გითხრას, რომ სანდო არ ხარ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტთა პაკეტი, რომლის თანახმად, პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ. ამასთან, შრომის ანაზღაურება გაუნულდებათ პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც თვის განმავლობაში არც ერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.
გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.