იაგო ხვიჩია - რამდენი ხანია, მიშა გმირს ეძებს, რომლის ციხეში ჯდომაზე ხალხს გული დაწყდება, ასეთი კაცის დაჭერაზე გასცეს ნებართვა
არსებობს რისკი, რომ შესაძლოა, პირადად მე, „გირჩის“ ბევრ წევრს და უამრავ ადამიანს ამ ქვეყნიდან წასვლა მოგვიწიოს, – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.
„ქართული ოცნების“ არასწორი და გაუაზრებელი ნაბიჯების გამო შეიძლება, ამ ქვეყნიდან წასვლა მოგვიწიოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ჩვენ მოვაწყობთ გარემოს, სადაც მიშა ერთპიროვნულად დაბრუნდება. მიშას კი არ ვერჩი, საქართველოში რომ იყოს, კოალიციაში და ა.შ., არამედ იმაზე ვამბობ, ისეთი რომ იყოს, როგორიც იყო და ახლა რომ „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლება აქვს, ასეთი ძალაუფლება რომ ჰქონდეს. ჩემი აზრით, როგორც ჩვენ საკუთარ თავს ვუყურებთ, ასეთივე ადამიანია ბიძინა ივანიშვილიც, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნულად დაბრუნების შემთხვევაში ასევე აქვს რისკი“, – განაცხადა ხვიჩიამ.
მისი თქმით, ამ რისკის გამოსარიცხად „ქართულ ოცნებას“ სხვადასხვა დროს, პირველ და მეორე საპარლამენტო არჩევნებზე ბევრი რამ აქვს გაკეთებული, მაგრამ მესამე, რიგგარეშე თუ არარიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში დგება რისკი, სადაც შეიძლება, ის მივიღოთ, „რისგანაც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა მართლაც გვიხსნა, როდესაც საზოგადოებას არ შეეძლო და ჩასაბეტონებლად გამზადებული სააკაშვილი გაუშვა“.
„კონკრეტულად ამ საფრთხის წინააღმდეგ ერთადერთი ეფექტური მეთოდი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მოიფიქრა, იყო პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით და წელს სწორედ ამის გამო მოხდა ის, რომ ბევრი პარტიები გაჩნდა. ცოტა „ნაცმოძრაობამ“ დაკარგა, ცოტა „ოცნებამ“, მაგრამ ორი გიგანტი ნელ-ნელა სუსტდებოდა. იმით, რომ „ქართული ოცნება“ ბარიერს დაბლა არ სწევს და 5%-იანს ტოვებს, „ლელო“, რომელსაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აქამდე არაფერი კავშირი არ ჰქონდა, ფაქტობრივად, „ნაციონალურ მოძრაობაშია“ აზელილი. გუშინ, „ლეიბორისტების“ ოფისში ეს იყო, ჩვეულებრივად. ამ სისტემით, რაც ახლა დარჩა და რასაც „ოცნება“ გადაფარებულია, ხომ ჩვეულებრივად 5%-იანი ბარიერია, სადაც მიშა და „ქართული ოცნება“ რჩება ბიძინა ივანიშვილის გარეშე, რაც ყველასთვის რისკია?! მიშას ერთპიროვნულად მოსვლა ბიძინასთვის, ჩემთვის და ზოგადად, ყველასთვის რისკია“, – განაცხადა ხვიჩიამ.
როგორც „გირჩის“ ლიდერმა აღნიშნა, ნიკა მელიას დაჭერა მიხეილ სააკაშვილის თამაშია და „ქართულმა ოცნებამ“ დღეს ამ ადამიანის დაჭერაზე გასცა ნებართვა, რითაც მიხეილ სააკაშვილის თამაში ღიად ითამაშა.
„რამდენი ხანია, მიშა გმირს ეძებს, რომელიც გმირი იქნება, მის ციხეში ჯდომაზე ხალხს გული დაწყდება და დღეს აი, ასეთი კაცის დაჭერაზე გასცეს ნებართვა. ამით „ქართული ოცნება“ მიშას თამაშს ღიად თამაშობს და მიშას ერთპიროვნულად დაბრუნება ღიად უნდათ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.