იაგო ხვიჩია - „ქურდული სამყაროს“ შესახებ კანონით ფაქტობრივად ადამიანის რწმენის თავისუფლება შევზღუდეთ
„გირჩის“ წევრის, სახალხო დამცველობის კანდიდატ იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ქურდული სამყაროს“ შესახებ კანონით, ფაქტობრივად ადამიანის რწმენის თავისუფლება იზღუდება.
იაგო ხვიჩიას შეფასებით, მნიშვნელოვანია, აღნიშნულ კანონში გარკვეული ცვლილებები შევიდეს. ამასთან, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაშიც, გააგრძელებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ამ საკითხზე მუშაობას.
„ქურდული სამყაროს“ შესახებ კანონით ჩვენ ფაქტობრივად ადამიანის რწმენის თავისუფლება შევზღუდეთ, ვთქვით, რომ ადამიანები უნდა ისჯებოდნენ მიუხედავად იმისა, შევძლებთ თუ არა კონკრეტული ქმედების დამტკიცებას, შევძლებთ თუ არა, ადამიანს დავუმტკიცოთ, რომ მას ჰქონდა ორგანიზებული ბანდა შექმნილი, ან იყო თუ არა ორგანიზატორი, წამქეზებელი, ნებისმიერი დამხმარე. არ იყო საჭირო და არ გახდა საჭირო არც ერთი კონკრეტული დანაშაულის დამტკიცება ადამიანზე. იმის გამო, რომ ის რაღაც რწმენას აღიარებს, რაღაცის სჯერა, ქართული კანონმდებლობით გამოვაცხადეთ კრიმინალებად. ეს იყო ნულოვანი ტოლერანტობის ფარგლებში. ამ კანონის მიღებით, ფაქტობრივად, ჩვენ შემოვიღეთ სასჯელის ახალი ფორმა, რომელიც ისე არ გვაქვს, აკრძალულია ქვეყნის კონსტიტუციით. ეს არის ქვეყნის მოქალაქეობის ჩამორთმევა. და თუ თავს არ მოვიტყუებთ, ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ქურდებთან ე.წ. ბრძოლა ფაქტობრივად ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, სინამდვილეში ახალი სანქციის გამოკვეთას ისახავს მიზნად. ეს არის მოქალაქეობის ჩამორთმევა, ქვეყნიდან გაძევება, როგორიც არის მაგალითად, გადასახლება სხვა ქვეყანაში. თავისი შინაარსით ასეთია ეს სასჯელი, რაც დავაწესეთ, რომ ადამიანს პასპორტსაც კი არ ვუახლებთ და ვეუბნებით, რომ ამ ქვეყნის მოქალაქე არ არის, არ ვაძლევთ ამ ადამიანის ოჯახის წევრებს მოსვენებას, არ ვაძლევთ დაბადების მოწმობებს ამ ადამიანების შვილებს, ვავიწროებთ ოჯახს და ვამბობთ, რომ ოჯახის ყველა წევრი თითქოს რაღაცაშია გარეული. ჩვენ დროზე უნდა შევცვალოთ ასეთი დამოკიდებულება, რაც უნდა არაპოპულარული იყოს ეს. ადამიანი უნდა დაისაჯოს მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო და არა იმ რწმენის გამო, რომელიც მას სჯერა. არ შეიძლება ადამიანის დასჯა ლაპარაკის გამო, როგორც გვაქვს აკრძალული სისხლის სამართლის კოდექსით, რომ მე რომ რაღაც ლაპარაკში მივიღო მონაწილეობა, თურმე გავხდები სისხლის სამართლის დამნაშავე. სრულიად უდანაშაულო ადამიანები ამ მუხლით დღეს გვიზიან ციხეში. მინდა, იცოდეთ, ჩემი სახალხო დაცმცველად არჩევის შემთხვევაში, ვიბრძოლებ ამ ადამიანების უფლებებისთვის. არა იმიტომ, რომ ვინმე მათგანს ვიცნობ, არც ერთ კანონიერ ქურდს არ ვიცნობ პირადად, მაგრამ მე არავის ცნობა არ მჭირდება იმისთვის, რომ დავინახო უსამართლობა, რომელიც თუნდაც ფურცელზე წერია, ადამიანის პირადად გაცნობა ამისთვის არ არის სავალდებულო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.