იაგო ხვიჩია - „ქართულმა ოცნებამ“ საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე გადაწყვიტა, ორი კურდღელი დაეჭირა, ხმებიც მიეღო და საპატრიარქოც დაექვემდებარებინა, რაც არ გამოუვიდათ
„ქართულმა ოცნებამ“ საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე გადაწყვიტა, ორი კურდღელი დაეჭირა, ხმებიც მიეღო და საპატრიარქოც დაექვემდებარებინა, რაც არ გამოუვიდათ , – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ხვიჩიას თქმით, ახლა პროცესის შელამაზება მიმდინარეობს.
„„ქართულ ოცნებას“ ეკლესიის რეპუტაციით, ერთი მხრივ, ხმების მიღება უნდა, მეორე მხრივ, ეკლესიის თავზე შემოჯდომა, რადგან, ფაქტობრივად, მათ მიერ შეთავაზებული ჩანაწერი ეკლესიას ადმინისტრაციულ ორგანოდ აქცევს – მთავრობას პირდაპირ თუ ირიბად ეკლესიის ხელმძღვანელის დანიშვნაც შეუძლია. საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლების დროს ასეთი მცდელობები სულ იყო, მაგრამ საპატრიარქოსა და პატრიარქის პოზიცია ყოველთვის ცხადი იყო, რომ მათ ეს არ სჭირდებათ. ახლა „ქართულმა ოცნებამ“ საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე გადაწყვიტა, ორი კურდღელი ერთად დაეჭირა – ხმებიც მიეღო და საპატრიარქოც დაექვემდებარებინა, რაც არ გამოუვიდათ და იმ უარის შელამაზება მიმდინარეობს, რითიც „ქართულ ოცნებას“ ცოტა გული გაუტეხეს. მთავრობა რომ არ გააბრაზონ, პროცესის შელამაზება მიმდინარეობს, მაგრამ შეთავაზება, როგორც საარჩევნო დაპირება, ჩაიშალა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, 31 აგვისტოს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთში, პარტიის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა და მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია კონსტიტუციაში მკაფიოდ აისახება.