იაგო ხვიჩია - „ქართულ ოცნებას“ აწყობს, ილაპარაკოს „ნაცმოძრაობის“ მიერ ე.წ. მაგნიტსკის სიის შედგენაზე, როცა ქვეყანა სავსეა სერიოზული თემებით, რაზე საუბარსაც ყველა გაურბის
ე.წ. მაგნიტსკის სიაზე მუშაობისას „ნაციონალური მოძრაობა“ დროს კარგავს, მაგრამ წარმატებებს ვუსურვებ, თუმცა არ მჯერა, რომ გამოვა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, ასეთი სია არ შეიქმნება, მით უფრო, პოლიტიკოსებისა და „ნაცმოძრაობის“ მიერ, მათ მიხეილ სააკაშვილიც მოუწოდებს, რომ საქმე არასამთავრობო ორგანიზაციებს დაუთმონ.
„არასამთავრობო ორგანიზაციებს კი დიდი გულმოდგინება არ ეტყობათ. „ქართულ ოცნებას“ აწყობს ასეთ არასერიოზულ თემებზე საუბარი, როცა ქვეყანა სავსეა სერიოზული თემებით, რაზე საუბარსაც ყველა გაურბის. „ქართულ ოცნებას“ აწყობს, ილაპარაკოს მიხეილ სააკაშვილის კუჭის მოქმედებაზე ან „ნაცმოძრაობის“ მიერ ე.წ. მაგნიტსკის სიის შედგენაზე. ეს არის „ქართული ოცნების“ ოცნება და მათ ამაში ჩვენი კოლეგები შეგნებულად ან გაუთვითცნობიერებლად ეხმარებიან“, – განაცხადა ხვიჩიამ.