იაგო ხვიჩია - „ქართულ ოცნებას“ არანაირი კომპრომისის მიღწევის მცდელობა არ აქვს
იაგო ხვიჩია - „ქართულ ოცნებას“ არანაირი კომპრომისის მიღწევის მცდელობა არ აქვს

„ქართულ ოცნებას“ არანაირი კომპრომისის მიღწევის მცდელობა არ აქვს, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.

„ის არის დესტრუქციული ძალა, რომლის სიტყვასაც ფასი არ აქვს. ფორმალურად ხომ ითქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისმა თანაგუნდელებმა გადააგდეს და თუ მაინცდამაინც გულწრფელი იყო ბიძინა ივანიშვილი და ის ხალხი, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა, მათ იმ გადამგდებების გარეშე შეუძლიათ, გერმანული მოდელი მიიღონ. ქვეყნის შიგნით ამაზე იქნება პოლიტიკური კონსენსუსი. რეალურად, ეს თქვა ეუთო/ოდირის დასკვნამ, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ „ქართული ოცნება“ გულწრფელი არ არის; ის არც არავის გადაუგდია. პირიქით, მისმა ხელმძღვანელობამ გადააგდო ქართველი ხალხი და სწორედ ამიტომ არ იკვრება ის ჯაჭვი, რომლის შეკვრასაც ამდენი ხნის განმავლობაში ცდილობენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა კომპრომისულ მოდელზე შეიძლება შეთანხმდნენ პოლიტიკური ძალები, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები როგორი მოდელითაც არ უნდა ჩატარდეს, „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს წააგებს.

„ის ნებისმიერი ფორმით წააგებს. მთავარია, ოპოზიცია არ გაგიჟდეს და ერთმანეთს არ გაუხსნან ცეცხლი, თორემ დანარჩენი, რაზეც „ქართული ოცნება“ იდგა, ეს იყო კონკრეტულად ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის მორალური ავტორიტეტი. მას ეს ავტორიტეტი ჰქონდა და მე ამის უარყოფას არ ვაპირებ. ამ ავტორიტეტის შედეგი იყო ის, რომ მეც კი დავიჯერე, რასაც ბიძინა ივანიშვილი დაგვპირდა, მაგრამ დღეს ეს არ არსებობს“, – განაცხადა ხვიჩიამ. 

მისი თქმით, ქვეყნის ინტერესია, ხელისუფლების ცვლა სტაბილურად განხორციელდეს და გვქონდეს ისეთი სამართლიანი მოდელი, რომლის წინააღმდეგაც აჯანყება შეუძლებელი იქნება.

„რევოლუციას რა გამორიცხავს? – ის, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა. როცა ადამიანებისთვის გასაგებია, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა, ის რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს, ეს პოლიტიკურ ტემპერატურას დაბლა წევს, მაგრამ თუ ადამიანებს აქვთ განცდა, რომ არჩევნები არასამართლიანი იყო, არანაირი ტემპერატურა არ დაიწევა. ჩვენ იმისთვის ვიბრძვით, რომ ქართულ საზოგადოებას და „ქართულ ოცნებას“ ვაჩვენოთ, რომ ახლა აუცილებელია ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც არჩევნების მერე ტემპერატურის დაწევისა და პოლიტიკური ცხოვრების კალაპოტში ჩასმის საშუალებას მოგვცემს“ – განაცხადა ხვიჩიამ.

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ თუ არსებული მოდელი გაგრძელდება, 2020 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ცხოვრება ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება და ამიტომ, უკან დასახევი გზა არც ოპოზიციას აქვს და არც ქართველ ხალხს, ვისაც ქვეყანაზე გული შესტკივა.