იაგო ხვიჩია - ქარტიის შინაარსი არ გვესმის, პუნქტების 80 პროცენტს არ ვეთანხმებით, რაიმეს ხელს ვიდრე მოვაწერთ, მანამდე ვკითხულობთ, ჩვენი კოლეგებისთვის კი დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რას მოაწერენ ხელს
ქარტიის შინაარსი არ გვესმის, პუნქტების 80 პროცენტს არ ვეთანხმებით, რაიმეს ხელს ვიდრე მოვაწერთ, მანამდე ვკითხულობთ, ჩვენი კოლეგებისთვის კი დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რას მოაწერენ ხელს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
იაგო ხვიჩიას საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიასა“ და დოკუმენტზე ხელმოწერებთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.
„ერთადერთი შინაარსი, რომელიც ამ ქარტიამ შეიძლება შეიძინოს, არის ის, რომ ხელმომწერებს სიების დაკომპლექტებაში დაეხმაროს. ეს იქნება ერთი დიდი სია თუ ორი, არ ვიცი, მაგრამ ერთადერთი ლეგიტიმური დანიშნულება, რაც შეიძლება, ქარტიას ჰქონდეს, ეს სიების დაკომპლექტებაზე გავლენაა. თუ გავლენას ვერ მოახდენს, ეს ქარტია არავის ემახსოვრება და ხელმომწერებსაც კი დაავიწყდებათ. ამ დოკუმენტის შინაარსი და საჭიროება არ გვესმის. პუნქტების 80 პროცენტს არ ვეთანხმებით. ჩვენი კოლეგებისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ხელს რას მოაწერენ, ჩვენ კი, ვიდრე რაიმეს ხელს მოვაწერთ, მანამდე ვკითხულობთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს სამოქმედო გეგმა, „ქართული ქარტია“ 26 მაისს წარუდგინა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა. ორბელიანების სასახლეში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ქარტიაზე ხელმოსაწერად გუშინ იმყოფებოდნენ. მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „ქართულ ქარტიაზე“ ხელმომწერთა სია გაავრცელა.