იაგო ხვიჩია - პროკურატურის მიერ ვიდეოკადრების გამომზეურება „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. ბრძოლის თუ თამაშის გაგრძელებაა
„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ ვიდეოკადრების გამომზეურება „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. ბრძოლის თუ თამაშის გაგრძელებაა.
როგორც იაგი ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ეს კადრები 15 წელია, არსებობს და „ქართული ოცნება“ უკვე ათი წელია, რაც ხელისუფლებაშია, თუმცა ახლა ხდება ამ კადრების გამომზეურება.
„მგონი, ახალს ვერაფერს გვაჩვენებენ, რაც არ ვიცით. ასეთ პერიოდის რაღაცის ჩვენება არის „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. ბრძოლის თუ თამაშის გაგრძელება. შესაბამისად, ამ ფარგლებში ახალ-ახალი გასართობებით კვებავენ მოსახლეობას. გასართობად იყენებენ, რადგან იდეაში ეს კადრები 15 წელია არსებობს და „ქართული ოცნება“ ათი წელია ხელისუფლებაშია, მაგრამ ახლა ხდება ამ კადრების გამომზეურება, ცხადია, რასაც ნიშნავს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
საქართველოს პროკურატურამ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად „ქილერა“) ბრალდებულად პასუხისგებაში მისცეს. პროკურატურამ ვიდეომასალასაც გაავრცელა, სადაც მითითებულია, რომ ვიდეო შეიცავს ძალადობის ამსახველ კადრებს.