იაგო ხვიჩია - პროცესი ჩავარდება ან „ქოცები“ რამდენიმე „ნაცს“ გადმოიბირებენ და ამით გაიყვანენ სახალხო დამცველობის შემოთავაზებული ხუთი კანდიდატიდან ერთ-ერთს
პროცესი ჩავარდება ან „ქოცები“ რამდენიმე „ნაცს“ გადმოიბირებენ და ამით გაიყვანენ შემოთავაზებული ხუთიდან ერთ-ერთ კანდიდატს, რომელიც მათთვის უფრო სასურველი იქნება, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, სახალხო დამცველობის კანდიდატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიამ აღნიშნული კომენტარი სახალხო დამცველის საკითხზე კონსულტაციებზე საუბრისას განაცხადა და შეაფასა გუშინდელი კონსულტაციის შედეგი, რომლის მიხედვითაც, მხარეები სახალხო დამცველობის კონკრეტულ კანდიდატზე ვერ შეთანხმდნენ.
„პირად საუბრებში ამბობენ, რომ ხატია დეკანოიძე სიტუაციას ვერ აკონტროლებს და „ნაცებიდან“ ვინმე მხარს დაუჭერს რომელიღაც სხვა კანდიდატს, გარდა ნაცების მიერ საჯაროდ მხარდაჭერილი კანდიდატისა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
კითხვაზე, „გიჭერთ თუ არა მხარს „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია“, იაგო ხვიჩიამ განაცხადა:
„ორივეს სიყვარულით მოსდის, ამიტომ არ მწყინს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ამასთან, როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, ჯერჯერობით სახალხო დამცველის საკითხზე კონსენსუსი არ ჩანს.
„ჯერჯერობით კონსენსუსი საჯარო სივრცეში არ ჩანს. მინდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაუჭიროს მხარი ან არ დაუჭიროს. თუ დაუჭერს მხარს, აღიაროს, რომ კონსენსუსი შედგა. ყველაზე ცუდი იქნება სახალხო დამცველი ნომინალურად იყოს არჩეული”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.