იაგო ხვიჩია - პრეზიდენტის შეშფოთება იმაზე, რომ დასავლურ კურსს ვუხვევთ და ქართველი ხალხის არჩევანს გვერდს ვუვლით, სწორი კრიტიკაა
პრეზიდენტის შეშფოთება იმაზე, რომ ჩვენ დასავლურ კურსს ვუხვევთ და, ზოგადად, ქართველი ხალხის არჩევანს გვერდს ვუვლით, სწორი კრიტიკაა, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოხსენება მოისმინეს.
დეპუტატმა თავის გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით მიმართა. იაგო ხვიჩიას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ბევრი ადამიანი დღეს ქვეყანაში უკანონო პატიმარია.
„მე გავბედავ და საქართველოს პრეზიდენტს ქმედებებსაც მოვთხოვ. მათ შორის, მართლმსაჯულების მიმართულებით, სადაც საქართველოს პრეზიდენტს ბერკეტები აქვს და ამ ბერკეტებს შეწყალების ინსტრუმენტი ჰქვია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციიდან ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ სასამართლო სისტემის რეფორმაა, ვინაიდან დასავლელი პარტნიორები დამოუკიდებელ სასამართლო ინსტიტუტებს ითხოვენ.