იაგო ხვიჩია - პრეზიდენტის დახმარებით „ქოცებმა“ ოპოზიცია ანკესზე წამოაგეს, წარმოიდგინეთ პრეზიდენტი, როგორც ტროას ცხენი, რომელიც ოპოზიციაში შეაგზავნეს და ტექნიკური მთავრობით ააფეთქებს
იაგო ხვიჩია - პრეზიდენტის დახმარებით „ქოცებმა“ ოპოზიცია ანკესზე წამოაგეს, წარმოიდგინეთ პრეზიდენტი, როგორც ტროას ცხენი, რომელიც ოპოზიციაში შეაგზავნეს და ტექნიკური მთავრობით ააფეთქებს

პრეზიდენტის დახმარებით „ქოცებმა“ ოპოზიცია საკუთარ ანკესზე წამოაგეს. წარმოიდგინეთ პრეზიდენტი, როგორც ტროას ცხენი, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციაში შეაგზავნეს, ძვირფას ოპოზიციას ზედ წინასაარჩევნოდ ააფეთქებს ტექნიკური მთავრობით, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, პრეზიდენტი ტექნიკურ მთავრობაზე იმ ხალხს ელაპარაკება, რომლებსაც პრემიერობა ოცნებად აქვთ ქცეული.

„Ჩემი აზრით, „ქოცებმა“ პრეზიდენტის დახმარებით ოპოზიცია საკუთარ ანკესზე წამოაგეს. პრეზიდენტი წარმოიდგინეთ, როგორც ტროას ცხენი, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციაში შეაგზავნეს და ზედ არჩევნებზე ააფეთქებს. პრეზიდენტი ტექნიკურ მთავრობაზე იმ ხალხს ელაპარაკება, რომლებსაც პრემიერობა ოცნებად აქვთ ქცეული. სწორედ ამ ხალხს ეუბნება, რომ პრემიერს დაგინიშნავთო და თან არაპოლიტიკოსსო. ესეც არ იკმარა და ზედ მთავრობის წევრებსაც დავნიშნავ, თქვენ კი ერთი წლის განმავლობაში უსაქმურად იყავითო. ახლა ქარტიის ხელმომწერ პოლიტიკოსებს ეს არ მოსწონთ და ცდილობენ, ამ უხერხული სიტუაციიდან რამენაირად გამოძვრნენ.

ჩემი აზრით, პრეზიდენტი ბოლომდე მიაწვება და ძვირფას ოპოზიციას ზედ წინასაარჩევნოდ ააფეთქებს ტექნიკური მთავრობით. ვისაც პრეზიდენტი ოპოზიციონერი ჰგონია, ის იდიოტი მგონია, რადგან ავიწყდებათ, ბატონ ბიძინას სალომე ზურაბიშვილისთვის რამხელა სიკეთე აქვს გაკეთებული და მისთვის იმედი არც ზურაბიშვილს გაუცრუებია. ის ყოველთვის შესანიშნავად ახერხებს, რომ ათასნაირი სულელური იდეით ოპოზიცია მოამარაგოს და თავის დაკრულ მუსიკაზე აცეკვოს. შემდეგ ოპოზიციას არაფერი რომ არ გამოსდის, უკვირთ, რადგან ფიქრობენ, პრეზიდენტი ხომ ჩვენ გვერდით არის და რატომ არ გამოგვდისო. ვინც მათი დანიშნული და არჩეული არ არის, მისი იმედი ნაკლებად უნდა ჰქონდეთ. ვინც უძალიანდებოდა, გახარია იყო, მაგრამ ბოლოს მანაც ქარტიას ცეკვა-ცეკვით მოაწერა ხელი. პრეზიდენტმა გასაგებად უთხრა, თუ ხელს აწერდით, შესრულებაც უნდა იცოდეთო. ყველა ისევ ოთხ ფეხზე დადგა და შემდეგ თქვეს, არა, ყველანი ვრჩებითო. მგონი, ამათ არაფერი აღარ უშველით, ახლა სალომე ზურაბიშვილთან ერთად უნდა იყვნენ და მისი კაპრიზები შეასრულონ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებს.

„ვაპირებ, წარვადგინო ტექნიკური მთავრობა, ამ გარდავალ ეტაპზე შევქმნა ტექნიკური, ადმინისტრაციული მთავრობა, რომელიც იქნება მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებელი იმაზე, რომ აღმასრულებელის მხრიდან შეასრულოს ის, რაც წერია ქარტიაში და ამ თვეებში მიგვიყვანოს იქ, სადაც უნდა მივიდეთ, ანუ ევროპის კართან. რადგან ჩემი წარსადგენია, ვთვლი, რომ უნდა იყოს წარდგენილი ადრე, არჩევნებამდე, რათა საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში და პარლამენტის კონტროლის ქვეშ ვინ წაიყვანს ამ ქვეყანას ქარტიის გზაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.