იაგო ხვიჩია - პოლიტიკური ლობიზმის მარეგულირებელი კანონმდებლობა შემოგვაქვს მაშინ, როცა ჩვენთან პოლიტიკური ლობიზმი, ფაქტობრივად, აკრძალულია
„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, რეალური პრობლემა არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება პუტინის ნაბიჯებსა და საფეხურებზე მოძრაობს.
ხვიჩიას თქმით, პოლიტიკური ლობიზმის მარეგულირებელი კანონმდებლობის შემოღება ხდება ისეთ დროს, როცა პოლიტიკური ლობიზმი საქართველოში, ფაქტობრივად, აკრძალულია.
„თავის დროზე პუტინი როგორც ამბობდა, ამერიკული რაღაც შემოგვაქვსო, ზუსტად ამას ამბობენ. სინამდვილეში, საქართველოში საერთოდ არ არსებობს იმის მსგავსი, რაც არის ამერიკაში, რასაც ვეძახით ლობიზმის თავისუფლებას. ჩვენთან პოლიტიკური ლობიზმი, ფაქტობრივად, აკრძალულია. ჩვენ პოლიტიკური ლობიზმის მარეგულირებელი კანონმდებლობა შემოგვაქვს ისეთ დროს, როცა აკრძალულია. ამის მიზანია იმის თქმა, რომ ჩვენ რუსეთის გზაზე მივდივართ, რადგან ეს გზა რუსეთმა გაიარა და თუ არ უნდათ, რომ ეს მიეწებოთ, მაშინ ამაზე საუბარს საერთოდ არ დაიწყებდნენ – აგენტის ნაცვლად სხვა რამეს ჩაწერდნენ. ეს არის „ქართული ოცნების“ იმ პოლიტიკის გაგრძელება, რაც ჩვენ მიერ მოინათლა, როგორც ამორალური“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ უცხოური გავლენის აგენტთა შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით.