იაგო ხვიჩია - პოლიტიკოსებს სააკაშვილთან კომუნიკაციის საშუალება არ გვაქვს და მინდა, სააკაშვილს ვუთხრა, რომ მისი პარტიის, მედიებისა და ჟურნალისტების უდიდესი ნაწილი გადაბირებულია „ქართული ოცნების“ მიერ
მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის უფლების არმიცემით არ გვეძლევა საშუალება, პოლიტიკურ წელს, როდესაც არჩევნები უნდა ჩატარდეს, გავიგოთ, რა უნდა „ნაცმოძრაობას“, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტში განაცხადა.
იაგო ხვიჩიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს „ქართულმა ოცნებამ“ წაართვა მედიასაშუალებები, ახლა ამას აკონტროლებს და სწორედ ამიტომ არის, რომ სააკაშვილის საკითხი მეათასე ადგილზეა.
„მინდა, ვისაუბრო იმ თემაზე, რომელიც შეეხება პარლამენტის წევრების მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას. წარმოიდგინეთ, ირღვევა როგორც პატიმრის, ასევე პარლამენტის წევრების უფლებები, რომ უბრალოდ არ გვეძლევა საშუალება, პოლიტიკურ წელს, როდესაც არჩევნები უნდა ჩატარდეს, შევხვდეთ სააკაშვილს და გავიგოთ, რა უნდა „ნაცმოძრაობას“. რადგან მიხეილ სააკაშვილთან თუ ამას არ გაარკვევ, სხვანაირად შეუძლებელია, სრულყოფილად იცოდე და ადამიანებს გადასცე, რა უნდა სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობას“. ისევე, როგორც შეუძლებელია, გამოვთქვათ მოსაზრება, ვთქვათ, რა გაიაზრა მიხეილ სააკაშვილმა ამ პერიოდის განმავლობაში, რასთან დაკავშირებით შეიძლება და არ შეიძლება მასთან თანამშრომლობა“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
მისივე თქმით, პოლიტიკოსებს წინასაარჩევნო წელს სააკაშვილთან კომუნიკაციის საშუალება არ აქვთ, რითიც ხდება პოლიტიკური პროცესების დაბლოკვა.
„ჩემი აზრით, საარჩევნო წელს თუ რამე პოლიტიკური დარღვევა ხდება, ის არის, რომ ქვეყანაში გვყავს დიდი ოპოზიციური ძალის რეალური ლიდერი, რომელიც გამოკეტილია ციხეში და არ ეძლევა კომუნიკაციის საშუალება როგორც თანაგუნდელებთან, ასევე სხვა პოლიტიკურ პარტიებთან. ფაქტობრივად, ამით ხდება პოლიტიკური პროცესების დაბლოკვა. ჩვენ ვერ ვიგებთ, რა უნდა „ნაცმოძრაობას“ და წლის ბოლომდე შეუძლებელი ხდება ამის გაგება.
მაგალითად, მინდოდა, მიხეილ სააკაშვილისთვის გადამეცა, რომ ჩვენ მიგვაჩნია, მას „ქართულმა ოცნებამ“ წაართვით მედიასაშუალებები და ახლა თქვენ აკონტროლებთ ამას. სწორედ ამიტომ არის, რომ სააკაშვილის საკითხი მეათასე ადგილზეა. არავინ აპროტესტებს, რომ ასე, ადამიანისგან მიუწვდომლად არის გამოკეტილი. თქვენ მას წაართვით პოლიტიკური პარტიის უდიდესი ნაწილი. დარწმუნებული ვარ, მისი პარტიის ზოგი წევრი გულწრფელია მასთან დამოკიდებულებაში, მაგრამ ის, რომ მისი პარტია ეგუება, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის საშუალება არ აქვთ, უბრალოდ შეუძლებელი მგონია, თქვენ მათთან არ შეთანხმებულიყავით. სააკაშვილი არის სიტუაციაში, როდესაც თქვენ წაართვით მედიასაშუალება, პოლიტიკური პარტია. ამის მიუხედავად, თქვენვე აცხადებთ, რომ ის არის ოპოზიციის რეალური ლიდერი, რომ იქიდან მართავს სიტუაციას, აცხადებთ, რომ ჯანმრთელია, რომ პოლიტიკური პროცესიდან არსად წასულა და ის არის თქვენი მთავარი მოწინააღმდეგე.
მინდა, მივმართო „ნაცმოძრაობას“, საერთაშორისო თანამეგობრობას, პარტნიორებს, წინასაარჩევნო წელს ხდება პოლიტიკური პროცესების ხელოვნურად შეფერხება თქვენ მიერ. იმის გამო, რომ აქტიურ პოლიტიკურ მოთამაშედ აცხადებთ სააკაშვილს და მას არავის აკარებთ, მისი აზრი, ფაქტობრივად, რაღაც თვალსაზრისით, მიუწვდომელია საზოგადოებისთვის. ჩვენც არ გვაძლევთ საშუალებას, შევხვდეთ სააკაშვილს და შემდეგ საზოგადოებას ვუთხრათ, რომ ველაპარაკეთ, ამაში დავუჯერეთ, ამაში – არა.
სხვა გზა რომ არ მაქვს, მინდა, აქედან დაველაპარაკო სააკაშვილს და ვუთხრა, რომ მისი პარტიის უდიდესი ნაწილი, მისი მედიებისა და ჟურნალისტების უდიდესი ნაწილი გადაბირებულია თქვენ მიერ. ჩემი აზრით, თქვენ გონს უნდა მოეგოთ და უნდა სცადოთ კომუნიკაცია სხვა პოლიტიკურ ძალებთან, რათა თქვენი მდგომარეობა იგივე არ დარჩეს არჩევნების შემდეგ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.