იაგო ხვიჩია - პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკიდან წასვლაში დავეხმაროთ, ეს ყველასთვის უკეთესი იქნება
პოლიტიკოსებმა და განსაკუთრებით, მიხეილ სააკაშვილის თანაპარტიელებმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკიდან წასვლაში დავეხმაროთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, ეს ყველასთვის უკეთესი იქნება.
„ამ პოლარიზებულ ქვეყანაში შუღლის ნაცვლად მშვიდობა თუ გვინდა, უკიდურესად აუცილებელია, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკიდან წასვლის მიზნის მიღწევაში დაბრკოლებები არ შეექმნას. „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუჩნდება შანსი, გახდეს მართლა პარტია, გაჩნდეს პარტიის შიდა დისკუსიები, მსჯელობები, განსხვავებული შეხედულებები, გამოიკვეთონ ადამიანები, რომლებთან შეთანხმება შესაძლებელია და ამ შეთანხმებას ფასი აქვს. ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარალიზებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც რიგი მიზეზების გამო ვერაფერს აკეთებს“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურმა რესურსმა თავი ამოწურა და დღის წესრიგის ამოცანებიც ამის მიხედვით შეიცვალა. „მისი მთავარი ამოცანაა, მიხედოს ჯანმრთელობას, გადაურჩეს მოსალოდნელ საფრთხეს – სიკვდილს“. მისივე თქმით, არანაირი პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილისთვის საინტერესო არ არის. არც საუბრობს ამ თემაზე.