იაგო ხვიჩია - ოპოზიციონერებმა დღევანდელი შეხვედრიდან „მოგვტეხეს“, როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებასთან“ ჰარმონიული საუბრისას არაკომფორტული ვიქნებოდით
ოპოზიციონერებს, ეტყობა, შეეშინდათ, რომ მათი „ქოცებთან“ შეთანხმების პროცესი არ ჩამეშალა. სხვა მხრივ, ოპოზიციას „ქოცებისთვის“ რა ჰქონდა ისეთი სათქმელი, რაც არ შეიძლებოდა, ჩვენ მოგვესმინა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების დღევანდელ შეხვედრას გამოეხმაურა.
იაგო ხვიჩიას თქმით, შეხვედრაზე „გირჩის“ არმიწვევა არაკოლეგიალურია.
„ვინც შეხვედრის ინიციატორი იყო, ვკითხავ, რატომ არ დაგვიძახეს. არგუმენტი, რომ თქვენ „ქოცები“ ხართ, არ გამოდის, რადგან თავად „ქოცებს“ შეხვდნენ. აქამდე სხვას ეუბნებოდნენ იმას, რომ არ შეიძლებოდა, „ქოცებს“ არ შეხვედროდნენ და ახლა თავად არ მოგვიწვიეს. ეს არაკოლეგიალურია და ვიკითხავ, რატომ არ მიგვიწვიეს. იმიტომ „მოგვტეხეს“, რომ როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებასთან“ ჰარმონიული საუბრისას არაკომფორტული ვიქნებოდით“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.
ცნობისთვის, როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის ინიციატორი ბადრი ჯაფარიძე იყო.