იაგო ხვიჩია - ჩემი კოლეგები ოპოზიციიდან ცუდი გავლენის ქვეშ არიან, მიუტევეთ მათ
ოპოზიციის დარწმუნებას, რომ პარლამენტში შემოვიდნენ, ყველანაირი ფორმით ვეცდები, მოფერებიდან დაწყებული, ბულინგით დამთავრებული, – ასე უპასუხა „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტების კითხვას, რა ხერხს გამოიყენებს დანარჩენი ოპოზიციის დასარწმუნებლად, თუკი „ქართული ოცნება“ პროპორციულ საარჩევნო სისტემას ნულოვანი ბარიერით დაეთანხმება.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მოლაპარაკების მაგიდაზე თუ ამ შეთავაზებას დადებს, ის პარლამენტში შევა და დანარჩენი ოპოზიციის დარწმუნებასაც ყველანაირი ფორმით ეცდება.
„ყველანაირი ფორმით. „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ დადოს და რა ფორმაც იქნება საჭირო, მოფერებიდან დაწყებული, ბულინგით დამთავრებული, ყველაფერს გამოვიყენებთ. ჩვენ ჯერჯერობით ამ თემაზე საუბარს გავაგრძელებთ „ქართულ ოცნებასთან“, რათა ხორცი შეისხას იმ შეთავაზებამ, რაზეც გუშინ ბატონი მდინარაძე საუბრობდა. ჯერ კითხვები გვაქვს, მაგალითად, გვითხრას „ქართულმა ოცნებამ“, გუშინ რაც ილაპარაკა მდინარაძემ, ნიშნავს თუ არა იმას, რომ მზად არის „ქართული ოცნება“, დადოს პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით, თუ ოპოზიცია დათანხმება. თუ „ქართული ოცნება“ ამას გააკეთებს, აი, ახლოს არის პარლამენტი, ჩავდივარ და ჩემს კოლეგებსაც მოვუწოდებ, რომ შემომიერთდნენ, მარტო ნუ დამტოვებენ იმ დარბაზში. მოფერებაზეც შემიძლია გადავიდე და ბულინგზეც, გააჩნია ვისზე რა გაჭრის“, – განაცხადა ხვიჩიამ.
მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ცუდი გავლენის ქვეშ არიან და „გირჩის“ ამოცანა მათი გათავისუფლებაა.
„ჩემი კოლეგები ოპოზიციიდან ცუდი გავლენის ქვეშ არიან. მიუტევეთ მათ, მხოლოდ მათი ბრალი არ არის, ასეთი პოლიტიკური სპექტრი გვაქვს წლებია. სხვადასხვა ადამიანის გავლენის ქვეშ არიან. წარმოიდგინეთ, რამდენი ოპოზიციური პარტიაა, რამდენი ლიდერით და ყველა ერთი კაცის გავლენის ქვეშ ხომ არ არის, რამდენიმე კაცის გავლენის ქვეშ არიან და მათი გათავისუფლება მარტივი არ არის, შრომატევადი საქმეა. არ გვაქვს პოლიტიკური სპექტრი, რომელმაც იცის, რა უნდა. მხოლოდ რამდენიმე კაცმა იცის და სამწუხაროდ, დანარჩენებს იყოლიებენ. ჩვენი ამოცანა არის, რომ ყველა ადამიანს დაველაპარაკოთ და ისინი გავათავისუფლოთ გავლენისგან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, საარჩევნო რეფორმაზე საუბრისას, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც.