იაგო ხვიჩია - ოპოზიციის აქციებს როცა ვესწრებოდით, დიდი სურვილი მაშინაც არ გვქონდა, გვირჩევნია, „გირჩულად“ რამე გავაკეთოთ და არა აქცია აქციისთვის რომ ტარდება, სოფლიდან ჩამოყვანილი ხალხით
ჩვენ ყველაზე ეფექტურად ვიცავთ ნიკა მელიას, განსხვავებით მისი პარტიელებისგან, რომელთაც მისი დაჭერა უნდათ, უბრალოდ თვითონ ვერ ხვდება ჯერ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა მელიას ციხეში მოხვედრა ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილს უნდა.
„ეს არის მიშას თამაში, რომელსაც „ქოცები“ არიან აყოლილები. მათ ჰგონიათ, რომ საკუთარ თამაშს თამაშობენ და „ნაცებს“ ამცირებენ, მაგრამ სინამდვილეში ის, რომ ნიკა მელია მოხვდეს ციხეში, ყველაზე მეტად უნდა მიხეილ სააკაშვილს. ის ელოდება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს ქნას. შესაბამისად, რას იზამს „ქართული ოცნება“, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ძალიან გასაგებად ვთქვით, რასაც ვხედავთ. დაგვიჯერებს „ქართული ოცნება“, თუ ისევ თავის პირველ ჩვენებას მიაწვება და მელიას პოლიტპატიმრად აქცევს, ეს მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
კითხვაზე, შეუერთდებიან თუ არა „გირჩის“ წევრები ოპოზიციის საპროტესტო აქციებს, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ ჯერ არ იცის და ეს სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.
„არ ვიცი. მივიდეთ იქამდე. რა სიტუაცია იქნება, არ ვიცით. ჩვენ ჩვენს აქციებს დავგეგმავთ თუ სხვის აქციებს შევუერთდებით, არ ვიცით. ძირითადად, ჩვენ ვიცნობთ ოპოზიციის აქციებს. ძირითადად, როცა ვესწრებოდით, მაშინაც დიდი სურვილი არ გვქონდა. უფრო გვირჩევნია, ჩვენ „გირჩულად“ რამე გავაკეთოთ და მაგას რეალური შედეგი ჰქონდეს და არა ის, რომ აქცია აქციისთვის ტარდება და სოფლიდან ჩამოყვანილი ხალხით, რომელსაც კავშირი არ შეიძლება, ჰქონდეს რეალურ პროტესტთან. ჩვენ ვნახავთ, მართლა რა ხდება და ამის მიხედვით გადავწყვეტთ. ის, რომ ნიკა მელიას დაჭერას ვაპროტესტებთ და „ქართულ ოცნებასთან“ პროტესტში რომ ვართ, ყველაზე მეტად გვეტყობა. არც ფული ავიღეთ, არც ხელფასს ვიღებთ და არც არჩევნებში ვმონაწილეობთ, როცა ჩვენი კოლეგები ჯიგრები არიან ბოიკოტის რეჟიმში, ხელფასსაც იღებენ და უბრალოდ, გაბუტულები არიან და მაგიტომ არ დადიან პარლამენტში. ჩვენ ასეთი ხალხი არ ვართ. ჩვენ ყველაზე ეფექტურად ვიცავთ ნიკა მელიას, განსხვავებით მისი პარტიელებისგან, რომელთაც მისი დაჭერა უნდათ, უბრალოდ თვითონ ვერ ხვდება ჯერ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
მისი თქმით, „გირჩი“ არასოდეს ყოფილა ოპოზიციასთან შეერთებული, ისინი ოპოზიციასთან თანამშრომლობდნენ იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც მათ აინტერესებდათ.
„ახლა უბრალოდ აღმოვაჩინეთ, რომ ოპოზიცია გადაიბირა მიშამ. ჩვენ არ ვართ მიშისტები. ჩვენ მიშა არ მოგვწონს“, – განაცხადა ხვიჩიამ.