იაგო ხვიჩია - ოპოზიციას თუ რეგლამენტს არგებდნენ, წესიერად მოერგოთ, ჩემთვის არ მოურგიათ, ცოტა ნაწყენი ვარ
ოპოზიციონერ დეპუტატს, იაგო ხვიჩიას მიაჩნია, რომ თუ ფრაქციისა და პოლიტიკური ჯგუფის არსებობის წესი იცვლებოდა, უმჯობესი იქნებოდა, ყველა პოლიტიკური პარტიის ინტერესი ყოფილიყო გათვალისწინებული.
ჟურნალისტებთან საუბარში იაგო ხვიჩია რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა, რომელიც დღეს, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს.
„ჩვენ სამი დეპუტატი გვყავს და თუ ოპოზიციას რეგლამენტს არგებდნენ, წესიერად მოერგოთ და ფრაქციის შექმნისთვის სამი დეპუტატი ყოფილიყო საჭირო. ჩემთვის ე.ი. არ მოურგიათ, ცოტა ნაწყენი ვარ. თუ პატივისცემა იყო, სამი დეპუტატი ყოფილიყო საჭირო. რომ გითხრათ, რომ ფრაქციის შექმნის დიდი ვნება გვაქვს, მთლად ასე არ არის, მაგრამ თუ საშუალება იქნებოდა, რატომაც არა. მეოთხე დეპუტატი ახლა სად ვიპოვოთ”, – განაცხადა ხვიჩიამ.
მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ცვლილებების მიხედვით, პარლამენტში ფრაქციის შექმნის წესი იცვლება. კერძოდ, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ დეპუტატს უფლება ექნება, გაწევრიანდეს სხვა პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ შექმნილ ფრაქციაში, თუ მან დატოვა საარჩევნო ბლოკში შემავალი შესაბამისი პარტიის წევრობა. ასევე, განისაზღვრება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საკითხებიც. კერძოდ, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის არანაკლებ ოთხ წევრს შეეძლება, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი შექმნას.