იაგო ხვიჩია - ოპოზიციას კვლავ არ აქვს კონკრეტული გეგმა, რატომ უნდა აირჩიოს ამომრჩეველმა
ოპოზიცია იმავე ტაქტიკით თამაშობს, რა ტაქტიკაც წინა არჩევნებზე ჰქონდა – კვლავ არ აქვს კონკრეტული გეგმა, რატომ უნდა აირჩიოს ამომრჩეველმა, – ამი შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
საუბარია განცხადებაზე, სადაც მიქანაძე ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიები არ აწარმოებენ წინასაარჩევნო აქტიურ კამპანიას, რაც ამყარებს განცდას, რომ ისინი არა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, არამედ 3 ოქტომბრის დესტრუქციისთვის ემზადებიან.
იაგო ხვიჩიას თქმით, ასეთი ტაქტიკით მოთამაშე ოპოზიციის პირობებში რთულია, ამომრჩეველს აუხსნა, რატომ უნდა მივიდეს არჩევნებზე და რა შეიცვლება მისთვის.
„ოპოზიცია იმავე ტაქტიკით თამაშობს, რა ტაქტიკაც წინა არჩევნებზე ჰქონდა – კვლავ არ აქვს კონკრეტული გეგმა, რა იქნება ბიძინა ივანიშვილის შემდეგ და რატომ უნდა აირჩიოს ამომრჩეველმა. ასეთი ტაქტიკით მოთამაშე ოპოზიციის პირობებში რთულია, ამომრჩეველს აუხსნა, რატომ უნდა მოვიდეს არჩევნებზე და რა შეიცვლება მისთვის.
მთელი ოპოზიციური პარტიები იმას ამბობენ, რა შეიცვლება მათთვის, მაგრამ პრობლემაა იმის თქმა, ადამიანებისთვის რა შეიცვლება. ვცდილობთ, ჩვენი სათქმელი შევაკოწიწოთ და ადამიანებისთვის გასაგები იყოს ჩვენი ნათქვამი არჩევნებზე მოსასვლელად. „ტესლასაც“ ამიტომ ვათამაშებთ – ადამიანებს ვეუბნებით, ხალხო, ამ არჩევნებზე არაფერი რომ არ მოხდეს, „ტესლას“ ან „პორშეს“ მოგების შანსი მაინც გექნებათ. ასევე ვეუბნებით – გინდათ, ასეთი პრორუსული კურსით მოიგოს ხელისუფლებამ? ხელისუფლებამ არჩევნები ანტიდასავლური გზავნილებით არ უნდა მოიგოს. ჩვენ ამომრჩეველს ძალიან გასაგებად ვეუბნებით – ხალხო, არჩევნებზე მოსვლის ვერც ერთი მიზეზი რომ ვერ დაინახოთ, იცოდეთ, თუ მოხვალთ, „ტესლას“ ან „პორშეს“ მაინც მოიგებთ.