იაგო ხვიჩია - ოპოზიციას არაფერი ეტყობა, რომ იარაღის გარეშე უნდათ ხელისუფლების გადაგდება, იარაღის გარეშე ხელისუფლების გადაგდება ხდება იდეით, იდეაზე კი ჩემი კოლეგები არაფერს ამბობენ
არამატრაკვეცული არის აქცია, სადაც პოლიტიკოსები გულწრფელად ამბობენ, რა უნდათ, გულწრფელად ჰპირდებიან მოსახლეობას რაღაცას და მოსახლეობასაც ესმის, რომ ეს ხალხი ხელისუფლებაში რომ მოვიდეს, რასაც ამბობენ, შეასრულებენ. არათუ შესრულებაზეა საუბარი, არც კი ამბობენ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ გივი თარგამაძის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ბევრი აქცია მხოლოდ მაშინ არის საჭირო, თუ ამ აქციებს შინაარსი აქვს და ადამიანებისთვის გასაგებია, რისი აქციაა და რას ითხოვენ ამ აქციაზე.
ხვიჩიას განცხადებით, მისი და გივი თარგამაძის მოსაზრებები ერთმანეთს სცდება იმ ნაწილში, თუ რა არის არამატრაკვეცული აქცია.
„იმ ნაწილში, რომ მატრაკვეცობით ფეხს ვერ მოიდგამ, შეუძლებელია, ვინმეს არ დაეთანხმო, ვისი ნათქვამიც უნდა იყოს ეს, მაგრამ მე და ბატონი გივი, მგონი, ვცდებით იმაში, თუ რას ნიშნავს არამატრაკვეცული აქცია. მე მიმაჩნია, რომ ასეთი არის აქცია, სადაც პოლიტიკოსები გულწრფელად ამბობენ, რა უნდათ, გულწრფელად ჰპირდებიან მოსახლეობას რაღაცას და მოსახლეობასაც ესმის, რომ ეს ხალხი ხელისუფლებაში რომ მოვიდეს, რასაც იძახიან, შეასრულებენ. არათუ შესრულებაზეა საუბარი, არც კი ამბობენ. თქვენ არც კი იცით, ჩემს კოლეგებს, სხვადასხვა პარტიას, რა უნდათ და სანამ ეს ხდება, მანამდე ყველა აქცია გამოდის მატრაკვეცობა. ის ნათქვამი, რომ მარტის აქციები მატრაკვეცული არ გამოვიდა, რადგან იქ პოლიტიკოსები ნაკლებად იყვნენ, ხალხი გამოვარდა, ახალგაზრდები გამოვარდნენ ქუჩაში. მე დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდები კიდევ გამოვარდებიან. თუნდაც აეროპორტების სკანდალი, რაც ახლა ლაგდება, ასევე სრულიად საკმარისია ხალხის ქუჩაში გამოსასვლელად. მე მთავარი პრობლემა ის კი არ მგონია, „ქოცები“ როგორ ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას, „ქოცები“ თავისით რომ დაემხონ, მერე რა ხდება ამ ქვეყანაში, მერე ვინ არის უფროსი და რას აპირებს ის უფროსი, ვინც მოდის, როცა „ქოცები“ დაემხობიან, თორემ „ქოცები“ თავის თავს თვითონ იმხობენ, არავის დახმარება არ სჭირდებათ ამაში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
რაც შეეხება თარგამაძის განცხადების იმ ნაწილს, რომელშიც თარგამაძე ამბობს, რომ ოპოზიციას ხელისუფლების იარაღით გადაგდება რომ ნდომოდა, ორიათასჯერ გააკეთებდა, მაგრამ ქვეყანას უფრთხილდება, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ იარაღის გარეშე ხელისუფლების გადაგდება ხდება იდეით.
„ბატონი თარგამაძის განცხადება არ მომისმენია, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ოპოზიციას არაფერი ეტყობა, იარაღის გარეშე სურდეთ ხელისუფლების გადაგდება, თორემ იარაღის გარეშე ხელისუფლების გადაგდება ხდება იდეით. იდეაზე კი არაფერს საუბრობენ ჩემი კოლეგები. ამიტომ თუ არც იდეით სურთ ხელისუფლების გადაგდება და არც იარაღით, ე.ი. საერთოდ არ უნდა იყვნენ ოპოზიციონერები. ასე წარმომიდგენია“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.