იაგო ხვიჩია - ოპოზიცია არ გამოიყურება ისე, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მოგებისთვის იბრძოდეს, მგონი, ხალხი ხედავს, რომ ოპოზიცია ფაქტობრივად, გამქრალია
ოპოზიციის კამპანიას ძალიან უარყოფითად ვაფასებ, რადგან ოპოზიცია არ გამოიყურება ისე, რომ მოგებისთვის იბრძოდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, ეს ყველაფერი ძალიან არაბუნებრივია, რადგან ეს არჩევნები ერთი მხრივ, არის რეფერენდუმი და აქ უნდა გადაწყდეს „ქოცები“ დარჩებიან თუ არა ხელისუფლებაში, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს მზაობა არ ჩანს.
„მე მგონი, ხალხი ამას ხედავს, რომ ოპოზიცია, ფაქტობრივად, გამქრალია. ისეთ თანამდებობებზე ვერ თანხმდება, სადაც მოგების შანსი ისედაც დაბალი აქვს და ნებისმიერი სალაპარაკო თემა კონფლიქტის მიზეზი ხდება. ეს შეგნებულად ხდება „ქოცების“ თამაშის წარმოება ასეთი ფორმით, თუ გაუაზრებლობის შედეგად – ეს მეორე საკითხია. სამწუხაროდ, ნიკა მელია შეყავთ ისეთ კამპანიაში, რომელიც გამარჯვების არ არის თავისი შინაარსით. ჩვენი გეგმები არის ის რომ, კარდაკარის ნაცვლად, გადავწყვიტეთ ზუმდაზუმ კამპანია და დღეს გვაქვს ქობულეთის და ბათუმის კანდიდატების გასაუბრება ჩვენი ამომრჩევლის წინაშე“, – განაცხადა ხვიჩიამ.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიას, ხვიჩია აცხადებს, რომ ეს არაფრით განსხვავდება წინა წლის საარჩევნო კამპანიისგან.
„ისედაც ხდება ადმინისტრაციული რესურსებით ადამიანების მოსყიდვა, არანაირი დაპირებები არ არის. ცოტა ხანში დავინახავთ მომღიმარი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების სახეებს ბილბორდებზე, როგორც გასულ წელს იყო“, – განაცხადა ხვიჩიამ.