იაგო ხვიჩია - „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ანგრევენ ქართულ პარლამენტარიზმს, ფაქტობრივად, მთელ პოლიტიკურ სპექტრს, პოლიტიკურ პროცესს ტოვებენ ქუჩაში, რაც ყველასთვის საშიშია
„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, შეთანხმების მიღწევა რეალურად არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ სურს.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ანგრევენ ქართულ პარლამენტარიზმს და მთელ პოლიტიკურ სპექტრს, ზოგადად პოლიტიკურ პროცესს ტოვებენ ქუჩაში.
„მე ველაპარაკე ამ ქვეყანაში ყველა პოლიტიკურ ძალას სხვადასხვა ფორმით და ჩამომიყალიბდა ისეთი შინაგანი რწმენა, რომ არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა შეთანხმების მიღწევა. ერთ-ერთ მათგანს რომ გულწრფელად უნდოდეს, ჩემი აზრით, ეს შეთანხმება შედგებოდა. მე სამპროცენტიანი პარტია ვარ, ჩემი მანდატი ჯერჯერობით მეტი არ არის, თუნდაც ჩემი შესვლით, გამოსვლით, როგორც არ უნდა მოვიქცე, მე ამ პარლამეტნს ვერ გადავარჩენ, ქართული პარლამენტარიზმის გადარჩენა, სამწუხაროდ, დამოკიდებულია ორ პარტიაზე – „ქართულ ოცნებაზე“ და „ნაციონალურ მოძრაობაზე“, მე შემიძლია ერთი რამ – საქართველოს მოსახლეობას შევხედო თვალებში, ისე როგორც კორონას დროს ვიძახდი, ესენი ყველანი იტყუებიან, არავის დაუჯეროთ, სინამდვილეში არ უნდა გავცეთ ნებართვა ადამიანების სახლში გამოკეტვის, მაშინ გიჟად მთვლიდნენ, დღეს ფაქტობრივად ადამიანთა უდიდესი ნაწილი ჩემს აზრზეა, ზუსტად იგივეს საშუალება რომ მქონდეს მომავალში, ამიტომ მინდა ვუთხრა ადამიანებს, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა ერთობლივად, შეთანხმებით, თუ შეუთანხმებლად ანგრევენ ქართულ პარლამენტარიზმს, რომელსაც 30 წელია, ასე თუ ისე ვაშენებთ. ფაქტობრივად, ადამიანებს, მთელ პოლიტიკურ სპექტრს, ზოგადად პოლიტიკურ პროცესს ტოვებენ ქუჩაში, რომელიც არის საშიში ყველასთვის.
გარდა ამისა, ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას 4 წლის განმავლობაში, ვიდრე რაღაც დონეზე ეს თემა არ მორჩება, უკვდება პერსპექტივა. თუ ესე გამოვიდა საბოლოო ჯამში, ასეთ დროს მართლა რჩევა შეიძლება იყოს, რომ, ადამიანებო, წადით ამ ქვეყნიდან. „ნაცმოძრაობას“ არ უნდა პარლამენტი, თუ ის უმრავლესობაში არ არის, „ქართულ ოცნებას“ არ უნდა პარლამენტი, თუ იქ „ნაციონალური მოძრაობა“ არის. უნდა რომ ესენი ქუჩაში დატოვოს, ფული ჩაუხსნას, რაღაცა ქნას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.