იაგო ხვიჩია - ნიკა მელიას აუდიოჩანაწერის, როგორც პოლიტიკური პოზიციის სერიოზულად განხილვა აბსურდია
იაგო ხვიჩია - ნიკა მელიას აუდიოჩანაწერის, როგორც პოლიტიკური პოზიციის სერიოზულად განხილვა აბსურდია

„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ნიკა მელიას აუდიოჩანაწერის, როგორც პოლიტიკური პოზიციის  სერიოზულად განხილვა აბსურდია.

ხვიჩიას შეფასებით, ადამიანისთვის სახელის გატეხის მიზნით, არასათანადო მტკიცებულებების გავრცელება არასწორია.

„ჩემი აზრით, ეს ჩანაწერი არაფერს აჩვენებს იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ორი ადამიანის პირადი საუბარი, რომელიც შეიძლება მესამე გაბრაზებულ ადამიანზე იყოს. ადამიანები ვართ და პირადი საუბარი შეიძლება იყოს გაბრაზებული, არაგაბრაზებული, ასეთ და ისეთ ხასიათზე ნათქვამი. მისი სერიოზულად განხილვა, როგორც პოლიტიკური პოზიცია, აბსურდია. ამ ჩანაწერში სკანდალური და სასწაული არაფერია მაშინაც კი, ეს ჩანაწერი ნამდვილი რომ იყოს და მით უმეტეს, როცა არავინ იცის, რა და როგორ არის დამონტაჟებული. სამწუხაროდ, ჩანაწერები ჯერ კიდევ პოლიტიკური ბრძოლის მეთოდად გამოიყენება. ადამიანისთვის სახელის გატეხის მიზნით რომ არასათანადო მტკიცებულებებს ვავრცელებდეთ, არასწორია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სოციალურ ქსელში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. როგორც ჩანაწერზეა მითითებული, ის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არის გაკეთებული. გავრცელებული ინფორმაციით, ჩანაწერში ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.