იაგო ხვიჩია - ნებისმიერი ევროპელი დიპლომატი თავს ვალდებულად მიიჩნევს, გითხრას, რომ პალატაში მოკოტრიალე კაცით ნუ მოდიხართ ევროპაში, ეს თემა მოაგვარეთო
წარმოიდგინეთ, ჩადიხართ ქვეყანაში, რომელსაც უნდა ევროპაში შესვლა, ვიზალიბერალიზაციით უკვე სარგებლობს და უნდა, რომ კანდიდატი გახდეს, ამ დროს ხედავ, რომ ამ ქვეყანაში პრეზიდენტი ციხეში ზის, ხან ლოგინზე გორავს, ხან იატაკზე კოტრიალობს, ხან 67 კილოა, ამ კადრებს ატრიალებენ ყოველდღე და თან გეუბნებიან, რომ ევროპაში ასეთი მიგვიღეთო, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოში შექმნილი ვითარება უხერხულია.
„იმდენად უხერხული გამოდის, რომ ნებისმიერი ევროპელი დიპლომატი თავს ვალდებულად მიიჩნევს, გითხრას, აქ რა ხდება, მოდი, ეს საქმე გაარკვიეთ, თუ ჩვენთან გინდათ მოსვლა. დასაჭერია, არ არის დასაჭერი, გასასამართლებელია, არ არის გასასამართლებელი, ამ პრობლემით პალატაში მოკოტრიალე კაცით ნუ მოდიხართ ევროპაში, ეს თემა მოაგვარეთ, ასე მესმის ამ გზავნილის შინაარსი. ჩვენ თუ გინდივართ, უნდა შეიცვალოთ, ხომ ძალიან გასაგები და ბუნებრივი გზავნილია. გვეუბნებიან იმ ნაკლს, რომელიც ევროპისთვის გვაქვს, როგორც ევროპის კანდიდატ ქვეყანას. სხვა ნაკლებთან ერთად, ერთადერთი არის ის, რომ ყოფილი პრეზიდენტი ციხეში რომ კოტრიალობს და იხვეწება, გამომიშვითო, კედლებზე დადის, ეს საკითხი ასე არ უნდა დატოვო, რაღაც უნდა მოიფიქრო. მაშინ სასამართლო უნდა გქონდეს ისეთი, რომ დაეჯერებოდეს მტყუან-მართლის გაშვება, მაგრამ თუ შენ გყავს სასამართლო, რომელიც, ახლა რომ ციხეში კოტრიალობს, იმან შექმნა იმისთვის, რომ პოლიტიკური ოპონენტები ჩაესვა ციხეში, ახლა თვითონ მოუწია ეს, მაგას არავინ აღარ დაგიჯერებს. სააკაშვილს იმდენი რამ აქვს სათქმელი, აქამდე რომ არ ამბობს, ის მიკვირს. საერთაშორისო პარტნიორებისთვის კი არა, ქართველი ხალხისთვის რამდენი აქვს სათქმელი, იცით? მართლა რომ აზრზე მოვიდეს, ბევრი სიმართლის თქმა მოუწევდა. ჩემი აზრით, პარტნიორებისთვის მხოლოდ მადლობა აქვს სათქმელი“, – განაცხადა ხვიჩიამ.