იაგო ხვიჩია - ნატო-ც ბაზებისგან შედგება და ამერიკული სამხედრო ბაზებიც კარგი დაცვა იქნებოდა საქართველოსთვის, თუმცა აშშ-ის საელჩომ თქვა, რომ ეს საუბარი არ ყოფილა
ხელისუფლების წარმომადგენლები ისე მონდომებით ამტკიცებდნენ, რომ ჩვენ ბაზები კი არა, ნატო გვჭირდებაო, ცოტა ეჭვი შემეპარა, რამე ცოტა ისეთი ხომ არ არის, რაც არ ვიცითქო, თუმცა ამერიკის საელჩომ თქვა, რომ ეს საუბარი არ ყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.
„ზოგადად, ამ ინფორმაციას ყურადღებას საერთოდ არ მივაქცევდი. მეგონა, რომ ოპოზიციის მიერ ატეხილი მორიგი ხმაური იქნებოდა, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები ისე მონდომებით ამტკიცებდნენ, რომ ჩვენ ბაზები კი არა, ნატო გვჭირდებაო, ცოტა ეჭვი შემეპარა, რამე ცოტა ისეთი ხომ არ არის, რაც არ ვიცითქო. ნატო-ც ბაზებისგან შედგება და ამერიკული სამხედრო ბაზებიც კარგი დაცვა იქნებოდა საქართველოსთვის, თუმცა ამერიკის საელჩომ თქვა, რომ ეს საუბარი არ ყოფილა. ხელისუფლების წარმომადგენლების საუბარი არაფერ შუაში არ იყო, რომ ჩვენ ერთი ქვეყნის სამხედრო ბაზები კი არა, ნატო-ს ბაზების გარდა, სხვა ვერაფერი დაგვიცავს“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გუშინ, ლიკა ბასილაია-შავგულიძეზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წელს საქართველოში ჩამოსულ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს უარი უთხრა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე. აღნიშნულს გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის საელჩო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა.