იაგო ხვიჩია - „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც არ უნდა შეცვლა, წარსულის გადააზრება, ბოდიშის მოხდა, ნაკლები პერსპექტივა აქვს, პარტიის ბოლომდე დაშლას სააკაშვილის ფაქტორი აკავებს
მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი არის ერთადერთი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ერთმანეთთან აკავშირებს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ნელ-ნელა ძალებს კარგავს.
„არსებულ მდგომარეობაში „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც არ უნდა შეცვლა, რომელსაც არ უნდა წარსულის გადააზრება, რომელსაც არ უნდა რაღაცებზე ბოდიშის მოხდა, რაზეც მოსახდელია, ჩემი აზრით, ნაკლები პერსპექტივა აქვს პოლიტიკურ ველზე. ჩვენ პროცესს დიდი ხანია ვაკვირდებით და „ნაციონალური მოძრაობა“ ნელ-ნელა ძალებს კარგავს“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლომდე დაშლის პროცესს ჯერჯერობით მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი აკავებს.
„მიხეილ სააკაშვილი არის შემდუღაბებელი. ჩემი აზრით, არაფერი დააკავშირებდათ ერთმანეთთან, ვინც დღეს არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომ არა სააკაშვილის ფაქტორი. სააკაშვილის ფაქტორი ერთადერთია, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთმანეთთან აკავშირებს. სხვა ვერაფერი იქნება დამაკავშირებელი. ნიკა მელიას თუ ხაბეიშვილის გუნდს, მერაბიშვილის თუ კეზერაშვილის გუნდებს ვერაფერი დააკავშირებდათ ერთმანეთთან, რომ არა სააკაშვილი. თუ ის არ იქნება ფაქტორი, ამათ საერთო არაფერი ექნებოდათ და დაიშლებოდნენ. ვინაიდან სააკაშვილი რჩება თამაშში, შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ არ იშლება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.