იაგო ხვიჩია - მთავრობისადმი პრეზიდენტის კრიტიკა გასაგებია, მაგრამ შენ რას აკეთებ შენი პოზიციის გასამყარებლად მაშინ, როდესაც ემიჯნები მთავრობის პოზიციას
იაგო ხვიჩია - მთავრობისადმი პრეზიდენტის კრიტიკა გასაგებია, მაგრამ შენ რას აკეთებ შენი პოზიციის გასამყარებლად მაშინ, როდესაც ემიჯნები მთავრობის პოზიციას

პრეზიდენტის პოზიციონირება, რომელიც ჩემთვის ძალიან გასაგებია იმ თვალსაზრისით, რომ მთავრობის პოზიციონირება გაუგებარია, პრეზიდენტისგან უფრო მკაფიო ნაბიჯს მოითხოვს, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, სადაც პრეზიდენტი ამბობს: „ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას. ამის არც ახსნა შემიძლია, არც გაგება და არც გაზიარება“.

ხვიჩიას თქმით, მზა რეცეპტი არ აქვს, რა უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა, რადგან, მისი თქმით, არ იცის, რა დონეზე არ მოსწონს ზურაბიშვილს მთავრობის განცხადებები.

„ძნელია, რომ გააკრიტიკო საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის კრიტიკის გამო. საქართველოს მთავრობის პოზიციებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით მე თვითონ უფრო მკაცრად ვაკრიტიკებდი გაჟღერების დღიდან დღემდე. უბრალოდ, მგონია, პრეზიდენტს ბევრად მეტი მოეთხოვება, ვიდრე ოპოზიციურ პარტიას. მას უფრო მეტი ბერკეტი გააჩნია. პრეზიდენტის ეს პოზიციონირება, რომელიც ჩემთვის ძალიან გასაგებია იმ თვალსაზრისით, რომ მთავრობის პოზიციონირება გაუგებარია, პრეზიდენტისგან უფრო მკაფიო ნაბიჯს მოითხოვს იმ თვალსაზრისით, შენ რას აკეთებ მაშინ, როდესაც ამდენად ემიჯნები საქართველოს მთავრობის პოზიციას. შენი პოზიცია რითია განსხვავებული და იმ ბერკეტების ფარგლებში, რომელიც გაგაჩნია, რას აკეთებ იმ პოზიციის გასამყარებლად, რომელსაც ახმოვანებ.

პრეზიდენტი ასეთ განცხადებებს რატომ აკეთებს, გასაგებია – არ მოსწონს საქართველოს მთავრობის განცხადებები. ქალბატონი სალომეც „ქართული ოცნების“ მიერ არის არჩეული, ამიტომ განცხადებების შენი სახელით გაკეთება გამოდის, რომელსაც არ ეთანხმები. არა მხოლოდ არ ეთანხმები, ხვდები, რამდენად საშიშია ამ ქვეყნის მომავლისთვის. რა უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა ამ წუთას, მზა რეცეპტი არ მაქვს. იქიდან გამომდინარე, რომ მე არ ვიცი, ამ წუთას მის თავში რა დევს. ვიცი, მას არ მოსწონს „ქართული ოცნების“ განცხადებები, მაგრამ რა დონეზე არ მოსწონს და მათ შორის, რა შიდა კონიუნქტურული ურთიერთობები არსებობს ოცნების წევრებს შორის, არ ვიცი“, – განაცხადა ხვიჩიამ.