იაგო ხვიჩია - მთავარი პრობლემაა, რომ „ქოცებს“ დასავლეთთან ურთიერთობების დალაგება არ სურთ, მათ უნდათ საკუთარი მომხრეების მეტი რადიკალიზაციით მობილიზება
მთავარი პრობლემაა, რომ „ქოცებს“ დასავლეთთან ურთიერთობების დალაგება არ სურთ, მათ უნდათ საკუთარი მომხრეების მეტი რადიკალიზაციით მობილიზება, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მოძებნა მტერი „გლობალური ომის პარტიის“ სახით და ახლა მას ებრძვის.
„„ქართული ოცნების“ რეგრესისა და მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირების ტემპს თუ გავითვალისწინებთ, გამორიცხული არაა, რომ ამას ევროკავშირიც შეუერთდეს. ეს ყველაფერი ქართველი ხალხის ინტერესს აზიანებს. არის ის, რაზეც ადამიანები „თრიგერდებიან“ – ასეთია ვიზალიბერალიზაციის საკითხი. ამ რეალობაში გამორიცხული არაფერია. მთავარი პრობლემაა, რომ „ქოცებს“ დასავლეთთან ურთიერთობების დალაგება არ სურთ.
მთავარი პრობლემა არის არა ის, რომ მთელი სამყარო ჩვენ გვებრძვის, არამედ ის, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სურს არჩევნებზე დალაგებულად გასვლა, მას უნდა უფრო მეტი რადიკალიზაციით საკუთარი მომხრეების მობილიზება და მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვის წინააღმდეგ იქნება ეს რადიკალიზაცია. მთავარია იყოს ბრძოლა და ყველა მისი ამომრჩეველი ამ ბრძოლაში იყოს. ეს ბრძოლა ლგბტ ხალხთან დაიწყო. მერე აღმოჩნდა, რომ ეს იყო ჰაერი და აქ არავინ წინააღმდეგობას არ გაუწევდა. შემდეგ მოძებნეს მტერი „გლობალური ომის პარტიის“ სახით და ახლა მას ებრძვიან“, – აღნიშნა ხვიჩიამ.