იაგო ხვიჩია - მსურს, ერთ ადგილას მაინც დავინახოთ ოპოზიციის გამარჯვებული მერობის კანდიდატი, მინდა, სეირს ვუყურო
„ნაცებისა“ და „ქოცების“ არჩევანი ჩემთვის არ არის საინტერესო, რომ არჩევნებზე წავიდე, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიცია რომ რევოლუციის მომწყობი იყოს, აქამდე ბევრ რევოლუციას მოაწყობდა.
„ერთხელ უკვე კოჰაბიტაცია გვქონდა, სადაც იგივე პოლიტიკური ძალები კოჰაბიტაციის ფორმატში ერთმანეთთან კარგად თუ ცუდად თანამშრომლობდნენ. როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრს დაავიწყდა, როცა „ნაცებთან“ კოჰაბიტაციაში იმყოფებოდა. მინდა, ერთ ადგილას მაინც დავინახოთ ოპოზიციის გამარჯვებული მერობის კანდიდატი – მინდა, სეირს დავაკვირდე და არა იმისთვის, რომ ავიღო პასუხიმგებლობა და ამაში მივიღო მონაწილეობა. „ნაცებისა“ და „ქოცების“ არჩევანი ჩემთვის არ არის საინტერესო, რომ არჩევნებზე წავიდე.
ზოგადად იმისთვის, რომ უფრო ეგზოტიკური გახდეს პოლიტიკური გარემო, არ იქნება ცუდი, რომელიმე ქალაქში იყოს „ნაციონალი“ მერი. ოპოზიცია რომ რევოლუციის მომწყობი იყოს, აქამდე ბევრ რევოლუციას მოაწყობდა. სხვათა შორის, გასულ წელს, როცა საპარლამენტო ბოიკოტზე იყო საუბარი, ოპოზიციონერ კოლეგებთან დავდიოდი და ვკითხულობდი, თუ სად იყო რევოლუციური შტაბი. მაშინ ასეთი შტაბი ვერ ვიპოვე. არ ვიცი, ახლა აქვთ თუ არა. მე რევოლუციის მომხრე არ ვარ, თუ მე არ ვაწყობ მას. არ შეიძლება, სხვისი მოწყობილი რევოლუცია გინდოდეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.