იაგო ხვიჩია - მოვუწოდებ ნიკა მელიას, ციხიდან გამოვიდეს ძალიან საპატიო პირობით, რომელიც ევროკავშირის მიერაა შეთავაზებული
მოვუწოდებ ნიკა მელიას, ციხიდან გამოვიდეს იმ ძალიან საპატიო პირობით, რომელიც ევროკავშირის მიერაა შეთავაზებული, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, შეთანხმება მელიას გათავისუფლების ორ გზას ითვალისწინებდა. იაგო ხვიჩიას განმარტებით, პირველის აღსრულება თავად ნიკა მელიას მიზეზით ვერ ხორციელდება და ასეთ შემთხვევაში, დარჩენილ მეორე გზასთან დაკავშირებით სხვა პოლიტიკური პარტიების, მათ შორის ხელისუფლების, დამუნათება გულწრფელი ქმედება არაა.
„არ მგონია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გულწრფელად აწუხებს ზუსტად ის საკითხი, რასაც მივიღებთ ამნისტიიის შედეგად. ამაში ეს ხალხი გულწრფელი რომ იყოს, ამნისტია იყო მეორე გზა იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რასაც ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლა ჰქვია. პირველი გზა ძალიან საპატიო იყო, იმდენად საპატიო, რომ, ჩემი აზრით, სამყაროში ნებისმიერი პატიმარი ციხიდან გარეთ სიამაყით გამოვიდოდა, როდესაც ევროკავშირი შენს გირაოს თანხას იხდის. ანუ, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ შენ ბანდიტად, ხულიგნად და კრიმინალად კი არ გთვლიან, არამედ მიაჩნიხარ ადამიანად, რომელიც ციხეში არ უნდა იჯდეს. როცა ამაზე უარს აცხადებს, ნიკა მელიაც და „ნაციონალური მოძრაობაც“ იღებენ პასუხისმგებლობას ამ ამნისტიაზე. შეთანხმების ამბავი იყო ის, რომ ერთი ან მეორე გზა უნდა აგვესრულებინა. პირველის აღსრულება ვერ ხორციელდება თავად ნიკა მელიას და „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალით. შესაბამისად, მეორე გზაზე სხვა პოლიტიკური პარტიების, მათ შორის ხელისუფლების დამუნათება არაგულწრფელი ქმედება მგონია. ასეთ ქმედებებს ქვეყნის ინტერესები არ უნდა გადავაყოლოთ. მოვუწოდებ ნიკა მელიას, ციხიდან გამოვიდეს იმ ძალიან საპატიო პირობით, რომელიც ევროკავშირის მიერაა შეთავაზებული“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.