იაგო ხვიჩია - მოსკოვში ახლა წასვლა პოლიტიკურად არაადეკვატური ნაბიჯია, თუმცა ამაზე ნინო ბურჯანაძე პასუხს აგებს საკუთარ ამომრჩეველთან
პარტია „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამაში სიახლე არაფერია.
ამასთან, იაგო ხვიჩიას თქმით, მათი პოლიტიკური გემოვნება არ შეცვლილა და ნინო ბურჯანაძის პარტიასთან მხოლოდ პროპორციული არჩევნების მოთხოვნა აკავშირებთ.
„ბურჯანაძეს პირველად არ უმოგზაურია მოსკოვში. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ქალბატონი ნინო პერმანენტულად დადის და თავის პოლიტიკურ მეგობრებს ნახულობს ხოლმე იქ. როდესაც ჩვენ ერთიან ფორმატში სასაუბროდ ვსხდებოდით, ყველამ ვიცოდით, რომ ჩვენი პოლიტიკური გემოვნება არ შეცვლილა ამით. ნინო ბურჯანაძე დარჩა იგივე, რაც იყო, მე დავრჩი იგივე, რაც ვიყავი. მაგალითად, ქალბატონ ნინოს არ მოეწონა აქტივისტების აქცია, ე. წ. ხატების აქცია. არ მოეწონა და გვაკრიტიკებდა, მაგრამ ჩვენთვის ეს იყო ბუნებრივი ამბავი. ვინაიდან ჩვენ პროპორციული არჩევნების მოთხოვნა გვაერთიანებს, ამის გამო ერთმანეთი არ შეგვყვარებია, არც შეგვძულებია. ამიტომ, მე ქალბატონ ნინოს მოსკოვში წასვლას ვერ ავუკრძალავ, მაგრამ ახლა მოსკოვში წასვლა, მე მგონია, პოლიტიკურად არაადეკვატური ნაბიჯია, თუმცა ამაზე ქალბატონი ნინო პასუხს აგებს საკუთარ ამომრჩეველთან“ ,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა.
როგორც საქართველოს პირველ არხს პარტიის წევრმა, გიორგი ახვლედიანმა განუცხადა, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი იყო შეხვედრები პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან.