იაგო ხვიჩია - მიშელის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ ცხადი იყო, რომ ევროკავშირის მხრიდან დახმარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა
მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის შეთანხმებიდან უტიფრად გავიდა, შეურაცხყოფა მიაყენა დასავლელ პარტნიორებს, ყველასთვის ცხადი იყო, რომ დახმარება, რომელსაც ველოდით, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოსთვის დახმარების მიღება მნიშვნელოვანია.
„ვიცოდით, რომ თუ „ქართული ოცნება“ ამ შეთანხმების ერთგული არ იქნებოდა, მას მკაფიო მესიჯებს გაუგზავნიდნენ. როგორც ჩანს, გზავნილები მიიღეს, რომ თუ წესიერად არ მოიქცევიან, საქართველო დახმარებას ვერ მიიღებს და გადაწყვეტილება მიიღეს, წესიერად არ მოიქცნენ, საქართველომ დახმარება არ მიიღოს.
ადამიანებს ეუბნებიან, დახმარება არ გვჭირდება, თავს მშვენივრად ვგრძნობთო. არგუმენტი, რომ ქვეყანას სესხი არ სჭირდება, რადგან ეკონომიკა განვითარდა, დაახლოებით ისეთი არგუმენტია – თამაშს რომ წააგებ და იტყვი, წაგება მინდოდა, ნახევარი ძალით გეთამაშეო. „ქართული ოცნებისთვის“ გასაგებია, რომ ასეთი ქცევის გამო საჩუქარს არავინ მისცემს და ხალხს ეუბნებიან, დახმარება არ გვჭირდებაო. არ ვიცი, მიხეილ სააკაშვილი სადმე საერთოდ დადის თუ არა, ის სულ კიევში მგონია, მაგრამ თუ სადმე დადის და რამეს აკეთებს, არ შეიძლება, ეს ყველაფერი სააკაშვილს დავაბრალოთ, ისეთია, როგორიც არის, ასეთი დაიბადა და გაიზარდა. ხელისუფლება არ უნდა მოიქცე ისე, რომ სააკაშვილი ისე არ მოიქცეს, რაზეც ღარიბაშვილი აცხადებს. ჩემი აზრი მიხეილ სააკაშვილზე ცნობილია, მისი ოპოზიციონერი ვიყავი და ვარ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.