იაგო ხვიჩია - მინდა, „ნაცმოძრაობამ“ გაითვალისწინოს, რომ ოპოზიციაში არის ხალხი, ვინც საგამოძიებო კომისიას მხარს არ უჭერს
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გაითვალისწინოს, რომ ოპოზიციაში არის ხალხი, ვინც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას მხარს უჭერს და ვინც – არა.
„ჩემი აზრით, კომისიის შექმნის საკითხს დღეს აყენებენ, რათა შიდა მობილიზაცია მოხდეს. მეორე მხრივ, მიშას თავი მოაწონონ და რაღაცას ვაკეთებთო, მეორე არგუმენტი ეს იქნებოდა. თუ კომისიები გადის, ეს საკითხი რომ დააყენონ, პრობლემას ვერ ვხედავ. მინდა, „ნაცმოძრაობამ“ გაითვალისწინოს, რომ ოპოზიციაში არის ხალხი, ვინც კომისიას მხარს უჭერს და ვინც – არა. ჩვენ მათ ტელევიზიებში დაბლოკილი ვართ და თან ცუდად გვაკრიტიკებენ. მგონი, როცა ადამიანი მათი კომისიის მხარდაჭერას კითხვის ქვეშ არ აყენებს, ეს დაფასებას მოითხოვს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, შესაძლოა, კენჭისყრაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დადგეს. საკითხი ეხება მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის ეპიზოდს.