იაგო ხვიჩია - მიკვირს, ყველა მოსამართლე რატომ არ შეუერთდა კეთილსინდისიერების ტესტის ჩაბარებას, მათ შორის, მურუსიძის სამეგობროში მყოფები, „ენჯეოშნიკები“ რასაც ითხოვენ ახლა, სულ ტარდებოდა სასამართლოში
ზოგადად, მიკვირს, ყველა მოსამართლე რატომ არ შეუერთდა, მათ შორის, ის ხალხი, რომელიც მურუსიძის სამეგობროშია, რადგან ასეთი რეფორმები, რასაც ახლა „ენჯეოშნიკები“ ითხოვენ, სასამართლოში სულ ტარდებოდა. ახლა მეოთხე თუ მეხუთე ტალღაზე ვართ და საბოლოოდ სასამართლო მაინც ის რჩებოდა, რაც იყო, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტებმა იაგო ხვიჩიას კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვით, ხუთი მოსამართლე თანახმაა, ე.წ. ვეტინგის, კეთილსინდისიერების ტესტი ჩააბაროს.
„მე არ მესმოდა „ენჯეოების“ მხრიდან ასეთი შეთავაზების შინაარსი და არც ის მესმის „ქოცების“ მხრიდან მასზე დაუთანხმებლობის შინაარსი, რადგან არ ვიცი, რამდენჯერ ტარდებოდა აქ რეფორმები, მაგრამ ბოლოს მაინც ის იყო მოსამართლე, ვინც სისტემას სჭირდებოდა.
უცხოელების ჩარევა-არჩარევაზე კი არ არის, მთავარია, ხალხს ვინ არჩევს, ხალხს კი ყოველთვის არჩევს მთავრობა. სწორედ აქედან გამომდინარე, მთავრობა როდესაც ამბობს, მე კი არ შევარჩევ მოსამართლეებს, არამედ შევარჩევ იმ ხალხს, ვინც მოსამართლეებს შეარჩევს, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მთავრობა თვითონ არჩევს მოსამართლეებს. ამას რომ ვერ ხვდება ჩვენი ოპოზიცია და ენჯეოსექტორი, მე ძალიან მიკვირს“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს ე.წ. ვეტინგის შესახებ ინიციატივას, ხვიჩიამ განაცხადა:
„რასაკვირველია, ჩვენ არ ვაპირებთ, მხარი დავუჭიროთ და მგონია, რომ ეს სერიოზულად არც დადგება დღის წესრიგში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.